3 ოქტომბერს, ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს მძლეოსნობაში - ვიქტორ სანეევს 75 წელი შეუსრულდა.
ვიქტორ სანეევი სამმაგ ხტომაში მეხიკოს (1968), მიუნჰენისა (1972) და მონრეალის (1976) ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, ასევე არის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების (1980) ვერცხლის მედალოსანი, რაც უნიკალური მაჩვენებლებია ქართული სპორტის ისტორიაში.
სანეევის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სპორტული შედეგებიდან გამოსარჩევია ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატებში მოპოვებული რვაგზის გამარჯვება და სსრკ ექვსგზის ჩემპიონობა, სსრკ ხალხთა სპარტაკიადასა და მსოფლიო უნივერსიადაში მიღწეული წარმატებები.
სანეევი ევროპის თასის ოთხგზის მფლობელი და სამგზის მსოფლიო რეკორდსმენია. ლეგენდარული მძლეოსანი სამჯერ დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად (1968, 1972, 1976), საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კი სანეევი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარა.
ვიქტორ სანეევი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხისა და ღირსების ორდენების, ასევე სოკ-ის ორდენის კავალერია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ვიქტორ სანეევს საუკეთესო სურვილებით ულოცავს საიუბილეო თარიღს!
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო