ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ფიდერით სპორტულ თევზჭერაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა

25-26 ივლისს, საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ეროვნული ჩემპიონატის III ეტაპს ფიდერით სპორტულ თევზჭერაში ნადარბაზევის ტბამ უმასპინძლა. ფიდერმენებმა აქცენტი ძირითადად წვრილ კარჩხანაზე გააკეთეს, ვინაიდან სატურნირე 5 საათში კობრზე თევზაობა ვერავინ გარისკა.

პირველი ადგილი პირად ჩათვლაში ლადო ზარკალიანმა მოიპოვა (1+1=2) მინიმალური ქულით. ზარკალიანი ამ ტურნირის უდავო ფავორიტი იყო. მეორე ადგილზე მისი უშუალო კონკურენტი, დიმიტრი ჯარიაშვილი გავიდა 3 ქულით. მესამე ადგილს 4 ქულით ზაზა ხუციშვილი დაეუფლა, რომელმაც მეტოქეებს თევზის წონით აჯობა.

გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგი გუნდმა ‘Fish Finders’. არტურ ვართარეზოვმა, დიმიტრი ჯარიაშვილმა და ლაშა დარჩიაშვილმა ჯამში 11 ქულა (24 600 გრამი) დააგროვეს და პირველობა არავის დაუთმეს. მეორე ადგილზე 16 ქულით (21 130 გრამი) გუნდი ‘Only Feeders’ (მამუკა გეგეჭკორი, ლადო ზარკალიანი, ბადრი ხოსრუაშვილი) გავიდა. მესამე ადგილი გუნდს ‘Paradox’ (გიორგი კოპალიანი, ზაზა ხუციშვილი, ნიკა ჯანაშია) ერგო, რომელმაც 21 ქულა (17 950 გრამი) დააგროვა. 

„ფიდერით სპორტული თევზაობა გუნდური სპორტია და ყველაზე დიდი მნიშვნელობა გუნდურ ჩათვლას ენიჭება. ამიტომ, სამი კაცისგან შემდგარი გუნდები თავდაუზოგავად იბრძვიან ჩემპიონობის მოსაპოვებლად.“ - ასე შეაფასა გუნდური შეჯიბრება სფსთეფ-ის პრეზიდენტმა გიგა გაბრიაძემ.

3 ეტაპის შემდეგ, რეიტინგს პირად ჩათვლაში 43 ქულით გიგა გაბრიაძე უდგას. მე-2 ადგილს 41 ქულით ლადო ზარკალიანი იკავებს, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებს 40-40 ქულით არტურ ვართარეზოვი და ლაშა დარჩიაშვილი იყოფენ. გუნდურ ჩათვლაში პირველ პოზიციაზეა ‘Fish Finders’, მეორე ადგილს ‘Smart Feeder’ იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა ‘Soft Sweeps’.

ეროვნული ჩემპიონატი სულ 4 ეტაპისგან შედგება. თითო ეტაპი წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ ტურს. წლის ბოლოს, რეიტინგების მიხედვით დასახელდება საქართველოს 2020 წლის ჩემპიონი როგორც გუნდურ, ისე პირად ჩათვლაში. გარდა ამისა, რეიტინგების მიხედვით წლის საუკეთესო 6 სპორტსმენი ავტომატურად მოხვდება წლის ეროვნულ ნაკრებში, რომელიც 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. დასკვნითი მე-4 ეტაპი 19-20 სექტემბერს სიონის წყალსაცავზე გაიმართება.

„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის და ზოგადად, ფედერაციის ფინანსური მდგომარეობის გამო 7 გუნდი დარჩა ეროვნულ ჩემპიონატში, ჩემპიონატის აზარტი არ მცირდება და პირიქით, რადიკალურად ძნელი გახდა გამარჯვების მოპოვება ნებისმიერი გუნდისთვის. გუნდის მოგებისთვის აუცილებლობა გახდა გუნდის სამივე წევრის სამეულში მოხვედრა, რაც ასეთი დონის კონკურენციაში უკვე ძალიან ძნელია. ასევე დავამატებდი იმას, რომ სპორტსმენების დონე ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება. თუ ‘FIPSed’ ჩაატარებს 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, საქართველოს ჩემპიონატზე ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეროვნული ნაკრები ეყოლება“ - განაცხადა სფსთეფ-ის პრეზიდენტმა გიგა გაბრიაძემ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი უკვე მე-7 წელია ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ფედერაციის ძალისხმევით შეიქმნა საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობს.

ფოტო: ლევან დვალი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო