13 ივლისს, ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს, ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონს (1992 ბარსელონა - გაერთიანებული გუნდი, 1996 ატლანტა, 2000 სიდნეი - საბერძნეთის სახელით), საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს - კახი კახიაშვილს 51 წელი შეუსრულდა.
კახი კახიაშვილი მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია, დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდები სხვადასხვა დისციპლინაში.
ტიტულოვანი ძალოსანი ორჯერ აღიარეს საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად (1992, 93). არის საქართველოს სპორტის რაინდი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი, მსოფლიო ძალოსნობის „დიდების დარბაზის წევრი“. კახი კახიაშვილი 1994 წლიდან საბერძნეთის სახელით გამოდიოდა, 2005 წელს აღიდგინა საქართველოს მოქალაქეობა, 2015 წლიდან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია.
1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი სპორტსმენები გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში გამოდიოდნენ. კახი კახიაშვილის გამარჯვების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიაზე, ორგანიზატორებმა ტაბლოზე შეცდომით ქართველი ძალოსნის გვარის გასწვრივ რუსეთი დაწერეს, კახიაშვილის პროტესტის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია მხოლოდ მას შემდეგ გაგრძელდა, როდესაც შეცდომა გამოსწორდა და ტაბლოზე რუსეთი საქართველომ შეცვალა.
კახი კახიაშვილთან ერთად, 1992 წელს ოლიმპიური ჩემპიონები ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა) და დავით ხახალეიშვილი (ძიუდო) გახდნენ. პირველად სწორედ ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე აღიმართა დამოუკიდებელი საქართველოს დროშა და აჟღერდა ეროვნული ჰიმნი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ბატონ კახის დაბადების დღეს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს!
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო