ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
23 ივნისს ოლიმპიური დღე აღინიშნება

"Citius, Altius, Fortius!" - „უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ!“ - ამ ფრაზის ავტორი თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლის, ფრანგი ბარონის, პიერ დე კუბერტენის მოკავშირე მღვდელი ანრი დიდონი გახლავთ. ფრაზა მან ერთ-ერთ კოლეჯში სპორტული შეჯიბრებების გახსნის დროს წარმოთქვა. ბარონს ფრაზა მოეწონა და ოლიმპიადის ოფიციალურ დევიზად გამოაცხადა.

თანამედროვე ოლიმპიური თამაშები 1896 წლიდან იღებს სათავეს და მისი პირველი მასპინძელი საბერძნეთის დედაქალაქი ათენი გახლდათ.

დღეს, 23 ივნისს, მსოფლიო „ოლიმპიურ დღეს“ აღნიშნავს, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღს (1894 წელი) უკავშირდება და თავისთავად, ამ ორგანიზაციის პატრონაჟის ქვეშ იმართება. ჩვენს ქვეყანაში, ამ დღისადმი მიძღვნილი აქტივობები 1993 წლიდან ტარდება, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სოკ-მა აღიარა და მის სრულუფლებიან წევრად მიიღო.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადიდან მონაწილეობენ. 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები გაერთიანებული გუნდის სახელით და საქართველოს დროშით წარდგნენ, ხოლო ლილეჰამერის ზამთრის 1994 წლის თამაშები იყო პირველი, რომელზეც ჩვენი ოლიმპიური გუნდი დამოუკიდებლად და საქართველოს დროშით გამოვიდა. საქართველოს ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშებიდან, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩათვლით 36 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საერთაშორისო „ოლიმპიურ დღეს“ ულოცავს ქართველ ოლიმპიელებს და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით ასპარეზობას უსურვებს. ტოკიო 2020, რომელიც 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გახლდათ ჩანიშნული, Covid 19-ის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო