30-31 მაისს, სიონის წყალსაცავზე ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის I ეტაპი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში. ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 3-3 სპორტსმენით დაკომპლექტებულმა 7 გუნდმა, ჯამში 21 თევზმჭერმა. საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება 4 ეტაპად და გამარჯვებულები საერთო შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან.
შეჯიბრი მიმდინარეობს გუნდურ და პირად ჩათვლაში. თითოეული გუნდი შედგება 3 სპორტსმენისგან. გუნდებს და ცალკეულ სპორტსმენებს რეიტინგ ქულები ენიჭებათ ოთხივე ეტაპზე დაჭერილი თევზის წონის მიხედვით, რის შედეგადაც გამოვლინდებიან საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორი გუნდები და სპორტსმენები.
სიონში გამართული პირველი ეტაპის გამარჯვებული, ინდივიდუალურ შეჯიბრში გახდა - ზურა ჩაქალოვი (22.340 კგ), მეორე ადგილზე გავიდა გიგა გაბრიაძე (19.340 კგ), მესამეზე ლაშა დარჩიაშვილი (17.060 კგ).
გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედალი მოიპოვა 'Smart Feeder'-მა (50.610 კგ), ვერცხლის მედალი 'FishFinders'-მა (44.280 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი 'Only Feeders'-მა (42.970 კგ).
აღსანიშნავია, რომ ჯამური შედეგებით საუკეთესო 6 სპორტსმენი მოხვდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომელიც მონაწილეობას მიიღებს, მომავალ წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ფოტო: ლევან დვალი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო