ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
შალვა გოგოლაძე ნოდარ ახალკაცის სახელობის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის მე-9 საჯარო სკოლაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

სკოლისთვის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით ჩატარებულ საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა, მოსწავლეთა ნახატების გამოფენა დაათვალიერეს და სკოლის ბიბლიოთეკაში მდებარე ლეგენდარული ქართველი საფეხბურთო მწვრთნელის სახელობის კუთხე მოინახულეს, შემდეგ კი სკოლის მოსწავლეთა საკონცერტო წარმოდგენას დაესწრნენ.

მე-9 სკოლის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებაზე, თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები - ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ნუკრი კაკილაშვილი, ვახტანგ ქორიძე, ვაჟა ჟვანია, სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, „დინამოს“ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, ნოდარ ახალკაცის ოჯახის წევრები, ასევე ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე იმყოფებოდნენ.

ნაძალადევის რაიონში მდებარე მე-9 საშუალო სკოლას, ნოდარ ახალკაცის სახელი ოფიციალურად 2018 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით მიენიჭა.

სახელოვანი ქართველი მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობით თბილისის „დინამომ“ 1981 წელს თასების მფლობელთა თასის მოპოვება შეძლო, სწორედ მე-9 საშუალო სკოლაში სწავლობდა.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი 



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო