ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსზე სწავლა დაიწყო

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი დაიწყო. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტ სოლუშენისა“ და „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ ეგიდით ხორციელდება. საქართველო რიგით მე-16 ქვეყანაა, სადაც ბიზნეს სკოლამ ოპერირება დაიწყო.

კურსის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსმა, ვასილ ლიპარტელიანმა და „სპორტ სოლუშენის“ ხელმძღვანელმა, შოთა გოგიტაურმა. პირველ ლექციას, რომლის თემა სტრატეგიული მენეჯმენტი, მისი ძირითადი ფუნქციები, სპორტული ორგანიზაციის ხედვის, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა იყო, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მოწვეული კონსულტანტი, ანატოლი კორეპანოვი უძღვებოდა.

კურსი 29 იანვარს დასრულდება. 27 იანვრიდან, კურსის მონაწილეებს, გამოცდილებას „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ დირექტორი, ხოსე მოია გომესი და მარკეტინგის დირექტორი, ედუარდო ლეგენდრე გაუზიარებენ. კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ ოფიციალური სერთიფიკატი, რომელიც სპორტის მარკეტინგის სფეროში მათ კვალიფიკაციას დაადასტურებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო