ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ხელბურთი: რუმინეთი 29:24 საქართველო

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი ბოლო წუთებზე, 24:29 დათმო რუმინეთთან, იტალიაში, ქალაქ ბენევენტოს პალა ტედესკიში. ფრედ ითამაშეს იტალიამ და კოსოვომ - 26:26. საქართველოს ნაკრებმა ასეთი შვიდეულით დაიწყო: თევზაძე, რუსტამოვი, ორჯონიკიძე, ჩიქოვანი, ცხოვრებაძე, დიხამინჯია, მაისურაძე. დაცვაში შემოდიოდა წითელიშვილი, პირველ ტაიმში მოედანზე გამოვიდნენ ჭანტურია, კალანდაძე და აბრამიშვილი, ხოლო მეორეში თამაშში ჩაერთვნენ მეკარე ცინცაძე, კბილაშვილი და არსენაშვილი.

პირველ ტაიმში საქართველომ ვერაფრით ააწყო გუნდური თამაში და თავიდანვე ჩამორჩა. მაქსიმალური სხვაობა 6 ბურთი იყო - 6:12. გოლები ძირითადად გიორგი ცხოვრებაძის ინდივიდუალური შეტევების შემდეგ გადიოდა. მონპელიეს ახალგაზრდა მარჯვენა ინსაიდმა 5 გოლი გაიტანა, მაგრამ ბევრიც ააცილა და დაკარგვებიც საკმაოდ ჰქონდა.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ სიტუაცია გამოსწორდა - დიხამინჯიამ კუთხიდან, ცხოვრებაძემ 9 მეტრიდან და კალანდაძემ სწრაფი გარღვევის შემდეგ ზედიზედ გაიტანეს 3 გოლი (9:12), ბოლოს კი მაისურაძემ შეაგდო 6 მეტრიდან, 18 წლის კალანდაძემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და ორჯონიკიძემ ტაიმის ბოლო წამზე სხვაობა ისევ დაიყვანა სამამდე - 13:16.

შესვენების შემდეგ კარგად შემოვიდა მეკარე ცინცაძე, ლიდერობა იტვირთა ირაკლი ჩიქოვანმა და ორჯერ გაიტანა, 38-ე წუთზე კალანდაძემ გაათანაბრა (17:17), შოთა თევზაძე შვიდმეტრიანის მოსაგერიებლად დაბრუნდა მოედანზე და მოიგერია კიდეც, იქვე კი ჩიქოვანის პასის შემდეგ უჩა მაისურაძემ დაგვაწინაურა - 18:17!

უნდა ითქვას, რომ რუმინეთი სულაც არ ჩანდა ჩვენზე ძლიერ გუნდად. ჩვენს დაცვას მხოლოდ საფრანგეთის შამბერის მარჯვენა ინსაიდის, დემის გრიგორაშის (9 გოლი) შეჩერება გაუჭირდა, 5 გოლი კი გამთამაშებელმა კრისტიან ფენიჩიმ გაგვიტანა.

მეტოქემ მალე დაიბრუნა ლიდერობა (19:18), ჩიქოვანმა ისევ გაათანაბრა, მაგრამ აქ მსაჯებმა ზედიზედ გაგვიძევეს წითელიშვილი და ჩიქოვანი. კრიტიკულ სიტუაციაში მშვენივრად შემოვიდა კბილაშვილი, რომელმაც ჯერ ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ ორიგინალური გოლი გაიტანა (20:20), შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 21:22 (ამასობაში თევზაძემ კიდევ ერთი შვიდმეტრიანი მოიგერია) და ბოლოს ორწუთიანი და შვიდმეტრიანი გამოიმუშავა: მაგრამ ცხოვრებაძემ ვერ გაიტანა და ანგარიშის გათანაბრების შანსი დაიკარგა. დასრულებამდე შვიდწუთნახევრით ადრე ნიკოლა მაქსიმოვიჩმა ტაიმაუტი აიღო. ანგარიში იგივე იყო - 21:22.

მაგრამ, წუთშესვენების შემდეგ ჩვენებს ზედიზედ ორჯერ მოუვიდათ ტექნიკური წუნი, მეტოქე ისევ გაგვექცა სამით, კბილაშვილმა და ჩიქოვანმა ორჯერ დაიყვანეს სხვაობა ორამდე (23:25, რჩებოდა 4 წუთი), თუმცა, კიდევ ერთი დაკარგული ბურთის შემდეგ რუმინეთმა ოთხბურთიანი უპირატესობა მიიღო, სულ ბოლოს კი ჭანტურია ბოლო 30 წამის წესის დარღვევის გამო წითელი ბარათით და შვიდმეტრიანით დაისაჯა და საბოლოო სხვაობა ასეთი მატჩისთვის შეუფერებლად დიდი გამოვიდა - 24:29.

მომდევნო ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის და შანსი ოთხივე გუნდს დარჩა, თუმცა, ჩვენი გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანია ევრო 2022-ის პლეიოფი - 16 და 19 იანვარს ფინეთთან. სუომის გუნდთან მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2020 წლის ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდს დაიწყებს ევროპის უძლიერეს 31 გუნდთან ერთად. საქართველო-ფინეთის პირველი მატჩი 16 იანვარს 19 საათზე დაწყება თბილისის სპორტის სასახლეში. საპასუხო შეხვედრა 19 იანვარსაა ქალაქ რიიჰიმიაკიში.

დღეს საქართველოს ნაკრები ჯგუფის მასპინძელ იტალიას დაუპირისპირდება, ხვალ კი კოსოვოსთან მატჩით დაასრულებს ტურნირს.

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. III ჯგუფი. პალა ტედესკი, ბენევენტო, იტალია (გამარჯვებული გავა პლეიოფში). 10 იანვარი
რუმინეთი 29:24 საქართველო
რუმ
ინეთი: პოპესკუ, იანკუ - გრიგორაში 9, ფენიჩი 5, დუმიტრუ 3, სიმიკუ 3, ტალმაიერი 3, ბუიორი 2, ფოტაკე 2, ასოლტანეი 1, მოკანუ 1, სავენკო, ბოტეა, კაბუცი, ჩოგი, ჰუმეტ გამინდე
საქართველო: თევზაძე, ცინცაძე - ჩიქოვანი 6, ცხოვრებაძე 5, ორჯონიკიძე 4, კბილაშვილი 3, დიხამინჯია 2, კალანდაძე 2, მაისურაძე 2, რუსტამოვი, წითელიშვილი, ჭანტურია, აბრამიშვილი, არსენაშვილი, მიქავა, გოგოლაძე
მსაჯები: არძირიდისი-მუტასი (კვიპროსი)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო