ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ხელბურთი: ეროვნულის 5 გამოცდა

ხელბურთის ეროვნული ნაკრები განაგრძობს მზადებას იანვრის 5 ოფიციალური მატჩისთვის. 10-12 იანვარს იტალიის ქალაქ ბენევენტოში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპია, შემდეგ კი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის უმნიშვნელოვანესი პლეი-ოფი ფინეთთან - 16 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში და 19 იანვარს ქალაქ რიიჰიმიაკიში.

2 იანვრიდან ნაკრების 20 კანდიდატი და სამწვრთნელო გუნდის 4 წევრი ოფიციალურ შეკრებაზეა სასტუმრო ბომონდ გარდენში და ორჯერადი ვარჯიშები აქვს ოლიმპიურ სასახლეში. იტალიაში გუნდი 8 იანვარს გაემგზავრება, იქამდე კი მწვრთნელები დაასახლებენ 16-კაციან შემადგენლობას.

იტალიის საკვალიფიკაციო ტურნირს საქართველოს ნაკრები 10 იანვარს რუმინეთთან მატჩით დაიწყებს, 11 იანვარს ქართველები მასპინძლებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 12 იანვარს - კოსოვოს. ჯგუფის გამარჯვებული გავა პლეი-ოფში, რომელიც საბოლოოდ დაადგენს მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს ევროპიდან.

პლეი-ოფი ორი სტადიისგან შედგება: პირველი გაიმართება აპრილში, მეორე - ივნისში. წილისყრა, მონაწილეების სრული სია  და ზუსტი განრიგი ცნობილი გახდება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ - ეს ტურნირი 9 იანვარს იწყება და 26 იანვარს დასრულდება.

ბენევენტოდან ნაკრები თბილისში 14 იანვარს ბრუნდება და რამდენიმე ვარჯიშს გამართავს ფინეთთან პირველი მატჩის წინ. შეხვედრა 16 იანვარს სპორტის სასახლეში გაიმართება და 19 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი ფინეთშია 19 იანვარს - ორი მატჩის ჯამი გამარჯვებული გავა ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში, სადაც ითამაშებს ევროპის 32 უძლიერესი ნაკრები და გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. ამ დონეზე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს არ უთამაშია 1999 წლიდან, როდესაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფი ჰქონდა დანიასთან.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები:
შოთა თევზაძე (1981; რეშიცა, რუმინეთი), ზურაბ ცინცაძე (1996; იმედი-სტუ), იური სილაგაძე (2001; წყალტუბო)
მარცხენა ფრთა: ხაზეინ რუსტამოვი (1998; ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994; ბათუმის შავი ზღვის ბიჭები)
მარცხენა და ცენტრალური მცველები: ირაკლი ჩიქოვანი (1989; კონსტანცა, რუმინეთი), ირაკლი კბილაშვილი (1998; მეტალურგი, ჩრდილოეთი მაკედონია), თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996; ოროშჰაზი, უნგრეთი), ლექსო წითელიშვილი (1992; ოჰრიდი, ჩრდილოეთი მაკედონია), ნიკოლოზ კალანდაძე (2002; შამბერი, საფრანგეთი), შალვა სტურუა (1994; ქუთაისი), ზურაბ სიმონია (1994; ბათუმის შავი ზღვის ბიჭები)
მარჯვენა მცველი და ფრთა: გიორგი ცხოვრებაძე (2001; მონპელიე, საფრანგეთი), გიორგი დიხამინჯია (1997), რევაზ ჭანტურია (1982; მეტალურგი, ჩრდილოეთი მაკედონია), ირაკლი გოგოლაძე (1996; ბათუმის შავი ზღვის ბიჭები), გიორგი მერკვილაძე (1998; ქუთაისი)
პივოტი: ერეკლე არსენაშვილი (1998; ბრაგა, პორტუგალია), გიორგი მიქავა (1998; ბათუმის შავი ზღვის ბიჭები), უჩა მაისურაძე (1986)
მთავარი მწვრთნელი: ნიკოლა მაქსიმოვიჩი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო