ხელბურთის ეროვნული ნაკრები მძიმე ბრძოლაში 21:25 დამარცხდა ჩრდილოეთ მაკედონიაში. მეორე ამხანაგური მატჩი ხვალ, საქართველოს დროით 18 საათზე კვლავ სკოპიეში, ბორის ტრაიკოვსკის სახელობის არენაზე გაიმართება.
ჩრდილოეთ მაკედონია თავიდან 7:2 დაწინაურდა, მაგრამ გიორგი ცხოვრებაძის ზედიზედ 3 გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები კვალში ჩაუდგა მეტოქეს და ტაიმის ბოლოს ანგარიშიც გაათნაბრა - 12:12.
მეორე ნახევარი მასპინძლებმა ისევ კარგად დაიწყეს (15:12), მაგრამ სტუმრებმა კვლავ გაათანაბრეს ანგარიში - 17:17 და რამდენჯერმე წინ გასვლაც შეეძლოთ. 55-ე წუთზე ჩრდილოეთ მაკედონია 1 ბურთით იგებდა - 22:21 და მხოლოდ დასრულებამდე 3 წუთით ადრე გაიფორმა გამარჯვება, როდესაც 24:21 დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო მონპელიეს მარჯვენაფლანგელი, 18 წლის გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 9 გოლი გაიტანა (3 - შვიდმეტრიანიდან).
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვახტანგ მეიფარიანმა განაცხადა: „უნდა ვთქვა, რომ ამ დონის გუნდთან ჩვენს ნაკრებს არ უთამაშია 1999 წლის შემდეგ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში დანიასთან დავმარცხდით. ბოლო 8 წელია ჩრდილოეთ მაკედონიას არ გამოუტოვებია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები და ახლაც ევრო 2020-ის ფინალური ტურნირისთვის ემზადება.
მშვენიერი ბრძოლა გამოვიდა და რომ არა ბოლო 5 წუთში ჩავარდნა, შეგვეძლო უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია. ჩრდილომაკედონიელი მაყურებელი აშკარად არ მოელოდა სტუმარი გუნდისგან ასეთ თამაშს. მშვენიერი მატჩი ჰქონდა ჩვენს კაპიტანსა და მეკარეს შოთა თევზაძეს, რომელმაც 2 შვიდმეტრიანი მოიგერია და რამდენიმე ერთი-ერთზე გასვლა. მისი დამსახურება იყო, რომ ბოლომდე ბრძოლაში ვიყავით. კარგად ითამაშა ჩვენმა უკანა ხაზმა - ცხოვრებაძემ, თემო ორჯონიკიძემ, ირაკლი ჩიქოვანმა, ირაკლი კბილაშვილმა... ლექსო წითელიშვილს მცირე ტრავმა ჰქონდა და ძირითადად დაცვაში გვეხმარებოდა“.
25 ოქტომბერი, 2019. ამხანაგური. სკოპიე, ბორის ტრაიკოვსკის სახელობის არენა. 1500
ჩრდილოეთ მაკედონია 25:21 საქართველო
ჩრდილოეთ მაკედონია: რისტოვსკი, ტომოვსკი - პოპოვსკი 4, პეშევსკი 4, ველკოვსკი 4, კოსტესკი 3, ტალესკი 2, ტანკოსკი 2, მაძოვსკი 2, დიმიტრიოსკი 1, მიშევსკი 1, არსენოვსკი 1, კუზმანოვსკი 1, მანასკოვი, კრსტევსკი, კუკულოვსკი, დიმიტრიევსკი, იაგურინოვსკი, ლაზაროვი
საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე, ცინცაძე - ცხოვრებაძე 9, ორჯონიკიძე 5, ჩიქოვანი 2, კბილაშვილი 2, არსენაშვილი 1, წითელიშვილი 1, მაისურაძე 1, რუსტამოვი, ჭანტურია, გოგოლაძე, აბრამიშვილი, დიხამინჯია, სიმონია, ლაპიაშვილი, მერკვილაძე
მსაჯები: გიორგი ნაჩევსკი, სლავე ნიკოლოვი (ჩრდილოეთ მაკედონია)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო