ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ჭადრაკი: ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიხსნა!

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ბათუმი 2019 დაიწყო! ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიას ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა. ცერემონიას სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო.

ბათუმი ევროპის გუნდურ ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს. ქალაქმა ტურნირს პირველად ზუსტად 20 წლის წინ, 1999 წელს უმასპინძლა.

39 ქვეყნის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები კონტინენტის პირველობისთვის ბრძოლაში დღეიდან ჩაებმებიან. პირველი ტურის მატჩები 15 საათიდან დაიწყება. ჩემპიონატის მასპინძელი სასტუმრო შერატონია.

ევროპის ჩემპიონატში საქართველოს 5 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: 3 ქალთა, 2 ვაჟთა შორის. 196 მოთამაშიდან 140 საერთაშორისო დიდოსტატის სტატუსს ატარებს, 18 კი ფიდეს ოსტატია.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონის ტიტული ერთხელ, 1997 წელს ხორვატიის ქალაქ პულაში მოიგო. 1992 (დებრეცენი, უნგრეთი), 2005 (გიოტებორგი, შვედეთი), 2009 (ნოვი სადი, სერბეთი) და 2017 (კრეტა, საბერძნეთი) წლებში მეორე ადგილზე გავიდა, 2001 (პორტო-კარასი, საბერძნეთი) და 2015 (რეიკიავიკი, ისლანდია) წლებში კი მესამე ადგილი დაიკავა. ვაჟთა გუნდის საუკეთესო შედეგი ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დაკავებული მესამე ადგილია.

ბათუმი 2019 შვეიცარული სისტემით, 9 ტურად გაიმართება. ევროპის ჩემპიონატი 2 ნოემბერს დასრულდება, 29 ოქტომბერს კი მოჭადრაკეები დაისვენებენ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო