საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრა, სადაც 25 და 26 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისა და ევრო 2022 საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის ემზადება, რომლებიც 2020 წლის იანვარში გაიმართება. ამავე თვეში ჩრდილოეთ მაკედონიას ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი უწევს, 21-27 ოქტომბერს კი სანაკრებო კვირაა და ყველა ქვეყნის ეროვნული ნაკრები თამაშობს ამხანაგურ მატჩებს.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელს ნიკოლა მაქსიმოვიჩის განკარგულებაში 17 ხელბურთელია. ამ ჩვიდმეტიდან ევროპული კლუბების 8 წევრი საქართველოდან ჩაფრენილ 9 მოთამაშეს სკოპიეში დახვდა და საწვრთნელი შეკრებაც დაიწყო. ტესტ-მატჩებამდე გუნდი სკოპიეში შვიდჯერ ივარჯიშებს. მაქსიმოვიჩთან ერთად ნაკრების სტაფში იქნებიან ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი და ფიზოთერაპევტი დრაგან ილიჩი, ასევე დრაგან ჯუკიჩი, რომელიც ფედერაციაში ტექნიკური დირექტორის ფუნქციას ასრულებს.
ნაკრებს სკოპიეში ორი მოთამაშე დააკლდება. 37 წლის ვეტერანი რევაზ ჭანტურია ივნისში, IHF ერთა ჩემპიონატზე დაშავდა და მართალია, უკვე ვარჯიშობს და თამაშობს სკოპიეს მეტალურგში, მაგრამ ტრავმა მაინც აწუხებს ხოლმე და მწვრთნელებმა გადაწყვიტეს არ გაერისკათ. 17 წლის ნიკოლოზ კალანდაძე ახალ სეზონში საფრანგეთის შამბერიში გადავიდა, თუმცა, ამ კლუბის სამედიცინო სამსახურის რეკომენდაციით, ნიკოლოზს მცირე ტრავმა აქვს და უმჯობესი იქნება, თუ რეაბილიტაციის სრულ კურსს გაივლის.
საქართველოს ნაკრები
მეკარეები - შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმინეთი), ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ), გიგა ტორონჯაძე (1989, BSB ბათუმი)
მოთამაშეები - ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, BSB ბათუმი), თემურ ორჯონიკიძე (1996, ოროშჰაზი, უნგრეთი), ლექსო წითელიშვილი (1992, ოჰრიდი, ჩრდილოეთ მაკედონია), ზურაბ სიმონია (1994, BSB ბათუმი), ირაკლი ჩიქოვანი (1989, კონსტანცა, რუმინეთი), ირაკლი კბილაშვილი (1998, მეტალურგი, ჩრდილოეთ მაკედონია), გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფრანგეთი), გიორგი დიხამინჯია (1997), ირაკლი გოგოლაძე (1996, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი), ერეკლე არსენაშვილი (1998, ბრაგა, პორტუგალია), გიორგი ლაპიაშვილი (2000, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (1986)
ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველოს ორივე მატჩი სკოპიეში, ბორის ტრაიკოვსკის არენაზე გაიმართება. 25 ოქტომბერს თამაში საქართველოს დროით 22 საათზე დაიწყება, 26 ოქტომბერს 20 საათზე.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო