ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო მიღება გაიმართა. რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდს დუდუ დადიანის მემორიალზე გამარჯვება მიულოცა და მოთამაშეები, სამწვრთნელო შტაბი და სამედიცინო პერსონალი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას, რომელსაც უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზმა უმასპინძლა, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული მოქმედ და ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაესწრნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დუდუ დადიანის თასის მე-18 გათამაშების მფლობელი გახდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 2019-2010 წლების სეზონის პირველ ტურნირზე ოთხივე შეხვედრა მოიგო და ტიტულს დაეუფლა. ფინალურ მატჩში „თსუ“-მა „ბათუმი“ 87:69 დაამარცხა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ტრაგიკულად დაღუპული დავით (დუდუ) დადიანის ხსოვნის ტურნირი 2002 წლიდან იმართება. ტურნირში წელს სუპერლიგის 9 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
დღესვე გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა დამსახურებული მწვრთნელი ნუგზარ მარკოიშვილი. უახლოეს მომავალში მარკოიშვილს საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭება. ამ ინიციატივით კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა, რაზეც უწყებისგან დადებითი პასუხი მიიღო.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო