უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2020 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს და მის ფარგლებში, დეკემბრის დასაწყისში, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან თბილისში ორ მოსამზადებელ თამაშს გამართავენ.
ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილი გუნდი 12-გუნდა ელიტაში 2016 წელს დაწინაურდა და გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც „ალაფიდან“ აღზევების წელსვე უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა. გაისად, იტალიაში, საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს 20-წლამდელთა ჩემპიონატში.
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს სექტემბერში ორი 3-დღიანი შეკრება ჰქონდა, რომლის დროსაც გაისინჯნენ ის მორაგბეები, რომლებიც გასული 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის გაფართოებულ სიაში იყვნენ, მაგრამ საბოლოო შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, ასევე ისინი, რომლებიც შარშან გაფართოებულ სიაში არ იყვნენ.
სელექციის შემდეგ შერჩეულ მოთამაშეებს დაემატა ის კონტიგენტი, რომლებმაც გასულ ჩემპიონატში ითამაშეს, ასაკიდან გამომდინარე გაისადაც უმცროს ბორჯღალოსნებში უწევთ თამაში და ჯამში 50-მა მორაგბემ ერთკვირიანი შეკრება გაიარა.
სელექციის პროცესით და პირველი შეკრებით კმაყოფილია 20-წლამდელთა მწვრთნელი ლადო კილასონია: „ვნახეთ ის მორაგბეები, რომლებსაც ჩვენი აზრით შარშან რაღაც აკლდათ და გვაინტერესებდა რა მდგომარეობაში იყვნენ ამჟამად, ასევე ახალი მოთამაშეები. ამის შემდეგ, ლეგიონერების გამოკლებით, 50 მოთამაშე ერთკვირიან შეკრებაზე გვყავდა და ვიმუშავეთ შეტევაზე შერკინებიდან და დერეფნიდან, გავიარეთ დაცვის სტრატეგიული მონახაზები, ვივარჯიშეთ დარტყმა-ახურვაზე. პარალელურად, ცალ-ცალკე ჰქონდათ ვარჯიშები შერკინების და ხაზის მოთამაშეებს. გვქონდა სამი მინი-კონტაქტური ვარჯიში, რათა ამ პერიოდისთვის შეგვემოწმებინა ბიჭების ფიზიკური მზადყოფნა. ამ შეკრებაზე გვაკლდნენ ლეგიონერები. ახალი ინფორმაციის მიღება-გადამუშავებით კმაყოფილები ვართ“.
საგულისხმოა, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთაფრიკელ თანატოლებს მოსამზადებელ პერიოდში ბოლო ორი ჩემპიონატის წინაც ეთამაშნენ, ამჯერად კი აფრიკელები საქართველოში ჩამოვლენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო