იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ‘NHK WORLD’-ის წამყვანმა და კომენტატორმა, ჰირო მორიტამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ლექცია სახელწოდებით „სუმოს საოცარი სამყარო“ ჩაატარა. მორიტა ქართველ მსმენელს სუმოს ტრადიციებზე, კულტურასა და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.
ლექციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა და სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია - კოკაი, სუმოს გულშემატკივრებთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ უფრო ახლოს გაცნობოდნენ იაპონურ კულტურასა და სუმოს სამყაროს. გარდა თეორიული ნაწილისა, ჰირო მორიტამ აუდიტორიას პრაქტიკული ცოდნა გაუზიარა. ლექციის შემდეგ, ღონისძიების სტუმრებმა ტრადიციული იაპონური კერძები დააგემოვნეს.
ჰირო მორიტა საქართველოში იაპონიის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა. სუმოს კომენტატორმა და ექსპერტმა ლექციები სამინისტროს გარდა, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო