ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, რომელიც ტაილანდის ქალაქ პატაიაში ბრწყინვალედ გამოვიდა, დღეს თბილისში დაბრუნდა. გიორგი ასანიძის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა, განსაკუთრებულად ბრწყინვალედ კი გუნდის ლიდერმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ამჯერად უკვე ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) იასპარეზა. ტალახაძემ, ორჭიდის ჯამში 484 კილოგრამი დაძლია, ატაცში ნაჩვენები 220 და აკვრაში დაძლეული 264 კილოგრამებით კი  მსოფლიოს ახალი რეკორდები დააფიქსირა და მცირე ოქროს მედლებიც მოიპოვა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს თბილისის აეროპორტში დახვდა და მსოფლიოს პირველობაზე წარმატებული ასპარეზობა მიულოცა - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ. ასევე, თბილისში დაბრუნებულ ძალოსნებს გამარჯვება მიულოცეს ოჯახის წევრებმა, გულშემატკივრებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა.

ფოტო: ალექსანდრე კოტორაშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო