საქართველოში ველოსპორტი XIX საუკუნის მიწურულს შემოვიდა, როცა თბილისში, დიდი მთავრის (ახლანდელი დიმიტრი უზნაძის) ქუჩაზე პირველი ველოტრეკი აიგო. ამ საქმის ერთ-ერთი თაოსანი იყო ცნობილი სამხედრო ინჟინერი, თავადი ვასილ ჯორჯაძე (1856-1927), რომელმაც საკმაოდ დიდი თანხა გაიღო. ტრეკის გახსნის ოფიციალურ თარიღად 1892 წელი სახელდება, ძველ ველოსიპედისტთა გადმოცემით კი აქ 1886 წლიდან უკვე იმართებოდა შეჯიბრებები, მაგრამ უსახსრობის გამო არენა მალე დაიხურა. 1893 წელს ტრეკი ვასილ ჯორჯაძეს გამოუსყიდია და ექვსთა ტურნირი მოუწყვია. პეტერბურგის ჟურნალ „ველოსიპედის“ მიხედვით , ამ ტურნირში სწორედ ჯორჯაძეს გაუმარჯვია, თანაც - დიდი უპირატესობით ამიტომაც არის, რომ საქართველოს პირველ ველოსიპედისტად ვასიოლ ჯორჯაძეა აღიარებული. XX საუკინის დასაწყისში სახელი გაითქვა ლადო კავსაძემ – პოპულარულმა მოჭიდავემ, საოპერო და საესტრადო მომღერალმა. 1907 წლის 18 მაისს თბილისის ველოტრეკზე გამართულ “გრანდიოზულ ველოსამოტორო რბოლაში” (ასე იუწყებოდა იმდროინდელი აფიშები) კავსაძემ რუსთა სახელოვან სპორტსმენს სერგეი უტოჩკინს აჯობა და ჯილდოდ 300 მანეთი მიიღო. ამის შემდეგ კავსაძე წარმატებით გამოდიოდა ილერის, ტულის, ხარკოვისა და მოსკოვის ველოტურნირებში. პეტერბურგში, გარდა რუსებისა, მას ინგლისელი, ამერიკელი და იტალიელი მრბოლელებიც დაუმარცხებია. 1916 წელს წარმატებული მრეწველების, ძმები ლგოტაკების შემწეობით თბილისის ველოტრეკი საფუძვლიანად გადაკეთდა. ლგოტაკები, სხვა საქველმოქმედო საქმეებთან ერთად, ველოსპორტსაც დიდ ყურადღებას უთმობდნენ: აწყობდნენ შეჯიბრებებს, აწესებდნენ პრიზებს, ფინანსურად ეხმარებოდნენ ხელმოკლე ველოსიპედისტებს. იმ პერიოდში წარმატებულ მრბოლელად ითვლებოდა საზღვარგარეთის ერთ-ერთი ფირმის, “დუქსას” მექანიკოსი ნიკოლოზ გაბრიელოვი, რომელსაც არაერთი ცნობილი უცხოელი მეტოქე დაუმარცხებია. 1910-იან წლებში ველოსპორტი ქუთაისშიც გავრცელდა, რასაც ხელი შეუწყო მიხაილოვის (ამჟამად ფალიაშვილის) ქუჩაზე ველოსიპედების საფირმო მაღაზიის გახსნამ. ამ მაღაზიის მეპატრონის ვლადიმერ ტერკის თაოსნობით საღორიის ტყის მიდამოებში ხშირად იმართებოდა ველოსიპედისტთა შეჯიბრებები. 1920 წელს ქუთაისის “შევარდნის” ვარჯიშთავმა დათა ჯავრიშვილმა ველოსიპედისტთა სექცია ჩამოაყალიბა. “უმთავრესად ყურადღება ქონდა მიქცეული სიარულის სწავლას და ფიგურების კეთებას. აგრეთვე ველოსიპედელთა სექციის მიზანი იყო გაემართა შეჯიბრებები ურთიერთ შორის: ჩქარ სიარულზე, ნელ სიარულზე და ფიგურების კეთებაზე. საზოგადოებას ველოსიპედისტთა გუნდმა უჩვენა თავისი მოკლე ხნის ნამუშევარი, 9 მაისს, როდესაც იყო გამოსვლები ტან-სავარჯიშო საზოგადოება “შევარდენი”-ს. ახლო მომავალში მას მიზნად აქვს მოაწყოს შეჯიბრებები ველოსიპედელთა შორის და ექსკურსიები.” (ჟურნალი “შევარდენი”. 1920 წელი, ქუთაისი). სსრკ ჩემპიონატში ქართველთაგან პირველი გამარჯვებები მოიპოვა გიორგი ლეჟავამ, რომელმაც 1939-45 წლებში 4-ჯერ მოიგო სალიდერო რბოლა. 40-50-იან წლებში გამოირჩეოდნენ ავთანდილ გუნია, არკადი ხაბურზანია, ოთარ დადუნაშვილი, ვლადიმერ ძებნიაური, ედუარდ ჯიმშელეიშვილი. მათი გზა ღირსეულად გააგრძელა ქუთაისელმა სპრინტერმა ომარ ფხაკაძემ, რომელმაც სწრაფად დაიპყრო სპორტული სიმაღლეები, 1965 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფხაკაძე მთელი 10 წელიწადი ლიდერობდა საბჭოთა ნაკრებში და პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს სპრინტერად ითვლებოდა. სხვადასხვა თაობის ველოსიპედისტთა შორის საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე წარმატებით გამოდიოდნენ ოთარ დადუნაშვილი, შოთა კაცაძე, იგორ ვოლკოვი, ვლადიმერ პოპოვი, პეტრე ჩევარდოვი, ემზარ გელაშვილი, ვლადიმერ ადამაშვილი, ოთარ მჭედლიშვილი და სხვები. ველოსპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1972 წელს თბილისში აგებულმა ცენტრალურმა ველოტრეკმა, რომელიც ტექნიკური მონაცემებით იმდროინდელ მსოფლიოს საუკეთესო ტრეკებს არ ჩამოუვარდებოდა. იმავე წლიდან რეგულარულად იმართებოდა პოპულარული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ტელევიზიის პრიზზე. თბილისში ჩამოდიოდნენ მსოფლიოს უძლიერესი ველოსიპედისტები. ეს ტრადიცია 1984 წელს შეწყდა, მოგვიანებით კი, ეკონომიკური პრობლემების გამო, საქართველოში ველოსპორტის განვითარება საგრძნობლად შეფერხდა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო