ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
გრეგორი თაუნსენდი: საქართველომ ჩვენ შესახებ მეტი იცის

დღეს საღამოს, თბილისის დროით 22:30 საათზე ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ბოლო მოსამზადებელ შეხვედრას შოტლანდიასთან ედინბურგში, საქვეყნოდ ცნობილ მარიფილდზე გამართავენ.

მსოფლიო თასის დაწყებამდე ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ბოლო რეპეტიცია იქნება. ბორჯღალოსნებმა აქამდე ორჯერ ითამაშეს და ჯერ საუზერნ კინგსს დასკვნით 12 წუთში გატანილი 3 ლელოთი 24:20 მოუგეს, ხოლო ერთი კვირის წინ შოტლანდიას ეთამაშნენ.

სქოთები საქართველოში ჩამოსვლამდე ორჯერ შეხვდნენ საფრანგეთს და 3:32 მარცხის შემდეგ, განმეორებით შეხვედრაში რევანში აიღეს - 17:14.

თბილისური მატჩის შემდეგ შოტლანდიის მთავარმა მწვრთნელმა გრეგორი თაუნსენდმა სასტარტო შემადგენლობაში 12 მორაგბე შეცვალა. ტრავმების შემდეგ სქოთებს უბრუნდებიან ტომი სეიმური, ბლეიდ ტომსონი და ჯონი გრეი. თაუნსენდმა ხვალინდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე განაცხადა: „ივნისის შუა რიცხვებიდან ერთად ვართ და ახლა გვაქვს შანსი, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წლის უკანასკნელი მატჩი ჩავატაროთ. კარგად გვესმის, რომ ერთი კვირის წინანდელი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული. მათ ახლა უფრო მეტი იციან ჩვენს შესახებ და შოტლანდიის ნაკრების მორაგბეებისთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საკუთარი თამაში, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. გუნდი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და პარასკევის მატჩი კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვებს საუკეთესო თამაშთან“.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო