ჰენრი კუპრაშვილის მიერ გაცოცხლებული ქართული ცურვის უნიკალური სახეობანი: „ლაზური“, ანუ „თავისუფალი კოლხური“და „ოკრიბულა“, (სპორტული სტილი), „ხელფეხშეკრული კოლხური“ (სამხედრო-საწვრთნელი სტილი); „აფხაზური“, „იბერიული“, „ქიზიყური“, „ხაშურული“, „თახვია“ (სავარჯიშო საწრთვნელი ყაიდები) ადამიანის წარმოდგენას ცვლის ცურვის შესახებ. 1960-იანი წლების დასაწყისში, ანაკლიის მახლობლად სოფ. ერგეტაში, მეგრელ ბერიკაცს ლევან ქურსუას (1887-1969) აქვს მოყოლილი ქართული ლეგენდა, რომ უძველეს დროში კოლხი (ლაზი) და იბერიელი მეომრები სამხედრო მომზადების დროს იყენებდნენ ხელფეხშეკრული ყაიდით ცურვას.(ჰენრი კუპრაშვილი). ქართული ცურვა. სახელმძღვანელო. მეორე გამოცემა. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ქუთაისი. 2005) ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ახირებადაც კი მოეჩვენოს ზოგიერთს, მაგრამ სინამდვილეში იგი მეომრის აღზრდისა და ჩამოყალიბების უფრო ღრმად გააზრებულ ფსიქოლოგიურ საფუძველს ემყარება. კერძოდ, ხელფეხშეკრული (როდესაც ოთხივე კიდურია გაკოჭილი) ცურვა ორ მიზანს ისახავდა:მეომრის ფსიქოლოგიური მომზადება და მასში მებრძოლი სულის გაძლიერება. ადამიანი თუ წყლის სტიქიისადმი ბუნებრივ შიშს (წყლის სტიქიის პირისპირ ადამიანის ხელფეხშეკრულ მდგომა-რეობაში ყოფნა ინსტიქტურად სიკვდილისადმი ბუნებრივ შიშს იწვევს ხელფეხშეკრული დაძლევს (ადამიანის მარად თანმდევ ამ დამთრგუნველ სინდრომს დაამარცხებს), ცხადია, მისგან ძლიერი მებრძოლი დადგება და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყოველგვარ წინააღმდეგობას ადვილად გადალახავს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა მოექცეს.ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, თუ შანსი მიეცემოდა (მაგალითად, გემიდან წყალში აღმოჩნდებოდა და ა.შ.), ხელფეხშეკრულიც კი დააღწევდა თავს. ჰენრი კუპრაშვილმა ცურვის უნიკალური ქართული სახეობების აღორძინებას სპორტკომპლექს «ლაგუნა ვერეზე» ჩაუყარა საფუძველი. ლაგუნა ვერეზე იქნა გაცოცხლებული მისი ერთ-ერთი ნაირსახეობა, სამხედრო-საწვრთნელი ყაიდა «ხელფეხშეკრული კოლხური», ანუ როდესაც 2001 წლის 28 იანვარს, უამრავი ჟურნალისტისა და მაყურებლების თვალწინ, მსოფლიოსთვის ქართული ცურვის გაცნობის მიზნით, ოთხგან ხელფეხშეკრული ადამიანი გადახტა აუზში და პლანეტაზე პირველმა, თანაც შეუსვენებლივ, გაცურა 2 კილომეტრი. მსოფლიოს მოედო როიტერსისა და ასოშიეიტიდ პრესსის მიერ გადაცემული სენსაციური ინფორმაცია. ამერიკულმა ტელეკომპანია სი-ენ-ენ-მა მოცურავეს «ადამიანი დელფინი» შეარქვა და მისი ინტერვიუ და ამ გაცურვის ამსახველი სიუჟეტი მრავალჯერ გაიმეორა. სპორტსაზოგადოება «დინამოს» (კობა ნარჩემაშვილი) ხელშეწყობით 2002 წელს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ამავე ხერხით იქნა გადაცურული დარდანელის სრუტე (12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში). აუზის ხელმძღვანელობის ნებართვით, «ლაგუნა ვერზე» 2003 წელს დროებით, ექსპერიმენტის სახით, შეიქმნა ცურვის ქართული სახეობების შემსწავლელი პირველი ჯგუფი, რომელშიც დემირელის კოლეჯის 12 მოსწავლე გაერთიანდა. 2004 წლის 7 ივნისს «ლაგუნა ვერზე» მსოფლიოში პირველად ჩატარდა შეჯიბრება «თავისუფალ კოლხურსა» და «ხელფეხშეკრულ კოლხურში». 2006 წლის 12 მაისს შეჯიბრებაზე უკვე 60 სპორტსმენი გამოვიდა 2009 წლის 27 ივნისს სპორტკომპლექს " ლაგუნა ვერეში" გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ცურვის ქართულ სახეობა “ ლაზურში” (თავისუფალ კოლხურში). მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა თბილისიდან, რუსთავიდან, ბათუმიდან,გორიდან, ჭიათურიდან, საჩხერიდან და აზერბაიჯანიდან. ასპარეზობაზე აჟღერდა კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილის მიერ სპეციალურად ლაზურში შეჯიბრებისთვის დაწერილი “ლაზური მარში”.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო