ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
კალათბურთი U16: საქართველომ ჩემპიონატი მე-20 ადგილზე დაასრულა

საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-20 ადგილზე დაასრულა. მე-19 ადგილისთვის მატჩში ქართველები სლოვაკეთს დაუპირისპირდნენ და დაძაბული შეხვედრა მეორე ოვერტაიმში 86:87 წააგეს.

მატჩის ძირითადი დრო 66:66 დასრულდა. საუკეთესო დამატებით ხუთწუთეულშიც ვერ გამოვლინდა. მეორე ოვერტაიმში საქართველო ახლოს იყო გამარჯვებასთან. ხუთწუთეულის დასრულებამდე 7.5 წამით ადრე ქართველები 86:85 იგებდნენ და გიორგი სულაბერიძე საჯარიმოს ხაზთან იდგა. მან ორივე სროლა ააცილა, ბურთი სლოვაკებმა მოხსნეს, მთელი მოედანი გადასერეს და დასრულებამდე 0.5 წამით ადრე გამარჯვების ორქულიანი ჩააგდეს - 87:86.

დასანანად წაგებულ მატჩში ქართველთაგან საუკეთესო ლუკა ლიკლიკაძე იყო, რომელმაც 25 ქულა, 7 ჩაჭრა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ლიკლიკაძემ მოედანი ნაადრევად, 5 პერსონალურის გამო დატოვა. 24 ქულა და 5 ჩაჭრა დააგროვა ლუკა ავალიანმა, ხოლო სანდრო კასაბურის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.

ამით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მე-20 ადგილზე დაასრულა. საუკეთესო სამეულში შევიდნენ და მომავალ წელს A დივიზიონში იასპარეზებენ ფინალური მატჩის მომგები პოლონეთი და წაგებული ჰოლანდია. ასევე დანია, რომელმაც მე-3 ადგილისთვის მატჩში მასპინძელი მონტენეგრო 85:54 გაანადგურა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო