პირველი სპორტის სახეობა, რომელიც ძალისმიერი ვარჯიშებიდან წარმოიშვა ძალოსნობა იყო. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ძალოსნობას გამოკვეთილი სპორტული შეჯიბრების სახე მიეცა რასაც ხელი შეუწყო იმან, რომ უმეტეს ქვეყანაში საშეჯიბრო იარაღად გამოყოფილი იქნა შტანგა გერმანელები შტანგას (გერმანული–Stange) ეძახდნენ რკინის ღერძს, რომელსაც თავდაპირველად ბოლოებზე სიმძიმეები არ ქონდა. ასეთი ღერძი 50მმ. დიამეტრის იყო და 20,5კგ. იწონიდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თანამედროვე შტანგის გრიფის სტანდარტული წონა 20 კილოგრამი სწორედ იქედან არის აღებული. ინგლისში ასეთ ღერძზე წონის მოსამატებლად სიმძიმეებს კიდებდნენ. ფართოდ გამოიყენებოდა სფეროიანი შტანგებიც, რომლებიც ორი სახის იყო: მუდმივი წონის და ცვალებადი წონის. ცვალებადი წონის სფეროებიან შტანგებში სფერო სიცარიელეს წარმოადგენდა და მასში წონის შესაცვლელად ქვიშა ან ტყვიის საფანტი იყრებოდა. ასეთი შტანგები მოუხერხებელი იყო, რადგან შეჯიბრების დროს წონის სწრაფად მომატება და მოკლება ვერ ხდებოდა, ამიტომ სფეროებიანი შტანგა მალე ასაწყობი შტანგით შეცვალეს, რომელშიც ღერძზე სხვადასხვა წონის რკინის დისკოები ეგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შტანგა სულ უფრო ვითარდებოდა და პოპულარული ხდებოდა XX საუკუნის 20-იან წლებამდე ის ჯერ კიდევ არ იყო ძალოსნობის ერთადერთი საშეჯიბრო იარაღი. ძალოსნობის პირველი შეჯიბრებების პროგრამაში შტანგის გარდა დიდი ხნის განმავლობაში შედიოდა გირები და თუჯის ბულდოგები რის გამოც იმ დროის ძალოსნობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თანამედროვე კლასიკური ძალოსნობისგან. პირვანდელი ძალოსნობის ტრანსფორმაციას და კლასიკურ სპორტის სახეობად ჩამოყალიბებას თითქმის 60 წელი დასჭირდა და ეს პროცესი 1860-იანი წლებიდან 1920-იან წლებამდე გაგრძელდა. ძალოსნობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პირველი საერთაშორისო ტურნირების, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარებამ. სწორედ ასეთ ტურნირებზე ხდებოდა საშეჯიბრო წესებში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი სრულყოფა. ევროპის I ჩემპიონატი ძალოსნობაში 1896 წელს ჩატარდა და მას როტერდამმა უმასპინძლა. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს ჰოლანდიის, ავსტრიის, დანიის, საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლებმა. ძალისმიერი მოძრაობებიდან ევროპის I ჩემპიონატისთვის შეირჩა მხოლოდ შტანგით შესასრულებელი 2 მოძრაობა: შტანგის აჭიმვა ორი ხელით და შტანგის აკვრა ორი ხელით. ჩემპიონატზე წონითი კატეგორიები არ იყო, ამიტომ გამოვლინდა მხოლოდ აბსოლუტური ჩემპიონი. ეს იყო 120 კილოგრამიანი ლუდის მწარმოებელი ბავარიიდან განს ბეკი, რომელმაც ორი ხელით აჭიმა 130კგ და აკვრით დაძლია 135კგ. მიუხედავად იმისა, რომ ძალოსნობის საშეჯიბრო წესები ჯერ კიდევ არ იყო სტანდარტული და დახვეწილი, იმავე 1896 წელს ის შეტანილი იქნა პირველი განახლებული ოლიმპიური თამაშების პროგრამაში, რომელიც ათენში გაიმართა. სიმძიმეების აწევის მრავალრიცხოვანი მოძრაობებიდან ოლიმპიადისთვის შერჩეული იქნა მხოლოდ ორი მოძრაობა შტანგის აწევა ერთი ხელით და შტანგის აჭიმვა ორი ხელით. პირველ მოძრაობაში სულ 3 ქვეყნის 4 სპორტსმენი გამოვიდა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ინგლისელი ლანცესტონ ელლიოტი, რომელმაც 71.0კგ აწია. II მოძრაობაში 5 ქვეყნის 6-მა სპორტსმენმა იასპარეზა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დანიელი ვიგო იენსენი, რომელმაც ორი ხელით 111,5კგ აჭიმა. მსოფლიოს I ჩემპიონატი ძალოსნობაში 1898 წელს ვენაში (ავსტრია) გაიმართა. ჩემპიონატის პროგრამაში სიმძიმეების აწევის 14 სხვადასხვა მოძრაობა იყო შეტანილი, სიმძიმეებად კი საფანტის ჩასაყრელი სფეროებიანი შტანგა და თუჯის ბულდოგები იქნა არჩეული. შეჯიბრებაზე ათლეტი თითოეულ მოძრაობაში გარკვეულ ქულებს იღებდა. მაგალითად, რომელიმე მოძრაობაში I ადგილის დაკავების შემთხვევაში ათლეტს ენიჭებოდა 1 ქულა, II ადგილის დაკავებისთვის 2 ქულა და ა.შ. მთლიანი შეჯიბრების გამარჯვებული ხდებოდა ის ათლეტი, რომელიც ყველა მოძრაობაში ჯამურად ყველაზე დაბალ ქულებს დააგროვებდა. I მსოფლიო ჩემპიონი გახდა ავსტრიელი ვილგელმ ტიურკი, რომელიც თითქმის ყველა მოძრაობაში I ადგილზე გავიდა და 14 მოძრაობის ჯამში 30 ქულა დააგროვა. ძალოსნობის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ძლიერი საერთაშორისო ორანიზაციის შექმნამ ითამაშა. 1913 წლის 5 ივნისს ბერლინში გამართულ ათლეტიკოსთა მსოფლიო კონგრესზე ოფიციალურად შეიქმნა “ძალოსნობის საერთაშორისო ასოციაცია”. ასოციაციას კოორდინაცია უნდა გაეწია ათლეტიკური გაერთიანებების საქმიანობაზე, რომელშიც შედიოდნენ ძალოსნები (სიმძიმეებთან მომუშავე ათლეტები), მოჭიდავეები და მოკრივეები. აღნიშნული კავშირის მიერ სიმძიმეების აწევის მოძრაობებიდან საშეჯიბროდ გამოყოფილი იქნა 11 მოძრაობა და მსოფლიო რეკორდებიც მარტო ამ მოძრაობებში რეგისტრირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ “ძალოსნობის საერთაშორისო ასოციაცია” მუშაობას აქტიურად შეუდგა, მას დიდხანს არ უარსებია. 1914 წელს I მსოფლიო ომის დაწყების გამო მან მუშაობა შეწყვიტა და მძიმე ათლეტიკა 1920 წლამდე კვლავ მმართველი ორგანიზაციის გარეშე დარჩა. 1920 წლის 20 სექტემბერს მძიმე ათლეტიკის მესვეურთა მიერ შექმნილი იქნა ახალი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც “ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია” ეწოდა (იხილეთ: http://www.iwf.net). ფედერაციის შექმნის შემდეგ ძალისმიერი ვარჯიშებიდან სპორტის ჩამოყალიბების პროცესი სწრაფი ტემპით წავიდა. ჩატარებული იქნა უდიდესი სამუშაო ძალოსნობაში საერთო წესების და სტანდარტების შემოღების კუთხით. მართალია სრულყოფის გზაზე შემდეგშიც არაერთი ცვლილება განხორციელდა, მაგრამ სპორტად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ყველა ძირეული ცვლილება სწორედ 1920-იან წლებში მოხდა. წესებზე მუშაობის პროცესში გადამწყვეტი იყო ის, რომ “ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ” ერთადერთ საშეჯიბრო იარაღად შტანგა დაამტკიცა. ასეთი ცვლილებების შედეგად ძალისმიერი ვარჯიშებიდან წარმოიშვა კლასიკური სპორტის სახეობა, რომელსაც “ძალოსნობა” ეწოდა. მართალია ძალოსნობის სავარჯიშო პროცესში დღემდე გამოიყენება სხვადასხვა იარაღები, მაგრამ საშეჯიბრო პროგრამაში მხოლოდ შტანგა შედის, რის გამოც ძალოსნებს კიდევ ერთ სახელს "შტანგისტებს" ეძახიან. რაც შეეხება ძალოსნობის საშეჯიბრო მოძრაობებს, ის 1920 წლის შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა. ძალოსნობის საშეჯიბრო მოძრაობებში სხვადასხვა დროს შედიოდა: – 1920-1924წწ. - სამჭიდი (ატაცი და აკვრა ერთი ხელით, აკვრა ორი ხელით) – 1924-1928წწ. - ხუთჭიდი (ატაცი და აკვრა ერთი ხელით, აჭიმვა, ატაცი და აკვრა ორი ხელით) – 1928-1972წწ. - სამჭიდი (აჭიმვა, ატაცი და აკვრა ორი ხელით) ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული სამუშაოებიდან ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა იმას, რომ დამყარდა კავშირი საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კავშირი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC). ნაყოფიერი მუშაობის შედეგად 1925 წელს ძალოსნობა, როგორც სპორტის სახეობა აღიარებული იქნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და ის შეტანილი იქნა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში, როგორც ცალკე სპორტის სახეობა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო