ხელბურთი: საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს
თბილისის სპორტის სასახლეში 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს 18:31 დამარცხდა ფავორიტ შვეიცარიასთან და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის გააგრძელებს. შაბათს, ნახევარფინალში, 15 საათზე, ჩვენი მეტოქე საბერძნეთი იქნება.
ჩვენს გუნდს ნახევარფინალში გასასვლელად მეტოქის 7 ბურთით დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ ეს არარეალური იყო. შვეიცარიამ ამასწინათ ბაქოში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, სადაც ევროპის 8 უძლიერესი გუნდი თამაშობდა, მეოთხე ადგილი დაიკავა და თბილისის ტურნირის აშკარა ფავორიტია.
ჩვენებმა იბრძოლეს და პირველი ტაიმი 9:17 წააგეს. სხვაობა ბევრად მცირე იქნებოდა, რომ არა შვეიცარიელთა მეკარის, შალერის საოცარი თამაში - მან პირველ 30 წუთში 12 დარტყმა მოიგერია, მათ შორის შვიდი - 6 მეტრიდან.
ჩვენს 17-წლამდელთა ნაკრებს ორმა 15 წლის გოგონამ გაუწია ლიდერობა - სამტრედიელმა თამარ ბურკაძემ და ყვარლელმა ანა სურამლიშვილმა. ორივემ 5-5 გოლი გაიტანა, ჟიურიმ კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გუნდის კაპიტანი ბურკაძე დაასახელა. მატჩის ბოლოს კარგად ითამაშა ჩვენმა მეორე მეკარემ, ბათუმელმა დიანა ქარჩავამ, რომელმაც 6 დარტყმა მოიგერია.
საბოლოოდ, 18:31. გვაკლდა ორი ლიდერი - ჯგერენაია და ჩხაიძე და რომ არა ჯგერენაიას ტრავმა პირველი მატჩის დასაწყისში, ლიეტუვის დამარცხება და ნახევარფინალში გასვლა სრულიად რეალური იქნებოდა.
ჯგუფის მეორე მატჩში ფინეთს ნახევარფინალში გასასვლელად 6-ბურთიანი მოგება სჭირდებოდა ლიეტუვასთან, მაგრამ 23:34 წააგო და მეორე ადგილი დაიკავა. მესამე საქართველოა, მეოთხე ფინეთი, მეხუთე - ლატვია.
შაბათს მატჩები 11 საათიდან დაიწყება. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟისა თუ ჩანაწერის ნახვა რამდენიმე პლატფორმითაა შესაძლებელი:
https://www.youtube.com/user/handballgoergia
https://www.facebook.com/GEONHF/
https://www.ehftv.com/int/
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ.
თბილისის სპორტის სასახლე, 8 აგვისტო
შვეიცარია 31:18 საქართველო
შვეიცარია: შალერი, კეზერი - ალთჰერი 6, ჰაინცერი 4, ჰესი 4, ანენი 3, გვერდერი 3, ბეხტიგერი 3, გოლდმანი 3, კოკერი 2, ლიჩერი 1, შპეერლი 1, იუნდი 1, ბუხერი, შმიდი, ემენეგერი
საქართველო: ჯიქურაშვილი, კოპალეიშვილი, ქარჩავა - სურამლიშვილი 5, ბურკაძე 5, დვალიშვილი 3, გაგნიძე 2, გოგია 2, ა. ჩხაიძე 1, კორძაია, საბაშვილი, მ. ცინცაძე, ქამაშიძე, კომახიძე, ქ. ცინცაძე
მსაჯები: პირვუ, პოტირნიკე (რუმ), დელეგატები: მელქონიანი (სომ), ბაუმი (აზე)