ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქართული ინიციატივა: ევროპის ოქროს პაიკი!

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის ზურაბ აზმაიფარაშვილის ინიციატივით, მონტე კარლო 30 ნოემბერს პირველ საზეიმო ცერემონიას უმასპინძლებს, რომლის ლაურეატები ახალი პრიზით - „ოქროს პაიკით“ დაჯილდოვდებიან.

დღეს, მონტე კარლოში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც მონაკოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ჟან-მიშელ რაპაირიც დაესწრო. ესკ-ის პრეზიდენტის ზურაბ აზმაიფარაშვილის თქმით, საზეიმო ცერემონიაზე სპეციალური პრიზი მონაკოს პრინც ალბერ II-ს გადაეცემა, მისი მშობლების ჭადრაკისადმი განსაკუთრებული სიყვარულის და ჭადრაკის პოპულარიზაციაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის.

მონტე კარლოში გამართულ პრესკონფერენციას ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალური სპონსორის, ქართული ინდუსტრიული კომპანია აიგრუპის წარმომადგენელი გიორგი ხუროძეც დაესწრო, რომელმაც განაცხადა: „აიგრუპი აგრძელებს ანდრია დადიანის ტრადიციას - ქართველები ერთი საუკუნის შემდეგ მონაკოში ვბრუნდებით და ევროპის ჭადრაკში ყველაზე დიდ დაჯილდოების ცერემონიას ვუყრით საფუძველს“.

სახელოვანი ქართველი მოჭადრაკე ანდრია დადიანი, რომლის პარტიები საქვეყნოდ ცნობილია, 1904-04 წლებში მონტე კარლოს საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირების პრეზიდენტი გახლდათ.

„ოქროს პაიკის“ ეგიდით 30 ნოემბერს დაჯილდოვებიან: საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო რედაქტორი; საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო ჟურნალისტი; საუკეთესო ევროპელი ორგანიზატორი; საუკეთესო ევროპული საჭადრაკო პროექტი; საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო არბიტრი; სკოლებში ჭადრაკის განვითარების ევროპელი პიონერი; ყველა დროის ყველაზე პატარა ევროპელი მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში და ასევე გაიცემა სპეციალური პრიზები - ჭადრაკში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; ჭადრაკის ლეგენდა - ქალი და ჭადრაკის ლეგენდა - კაცი.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო