ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ევროპის ღია პირველობის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს! საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა მარათონულ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, 3 საათსა და 10 წუთში გერმანელ ალექსანდრ ზვერევს სძლია - 6:4, 4:6, 7:6!
ბასილაშვილმა კარიერაში მეოთხედ დაამარცხა ATP-ის რეიტინგის მოწინავე ათეულში შემავალი მეტოქე. ქართველის გამარჯვება იმითაა საოცარი, რომ მან მესამე სეტში ორი მატჩ-პოინტი მოიგერია, ტაი-ბრეიკი კი 2:5-დან შემოატრიალა!
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ ნიკამ ზვერევთან პირადი ანგარიში გაათანაბრა - 1:1. 2018 წელს, შანხაის მასტერსის 1/16-ფინალში ალექსანდრ ზვერევმა 7:5, 6:4 გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი გახლავთ და გერმანიაში 500 სარეიტინგო ქულას იცავს. ქართველის ხვალინდელი მეტოქე რუსი ანდრეი რუბლიოვის და ესპანელი პაბლო კარენო ბუსტას დაპირისპირებაში გამოვლინდება.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო