ძიუდოს ისტორია ძიუდოს წარმოქმნა და მისი პირველადი განვითარება იაპონიაში მრავალი საუკუნის მანძილზე არსებული ფეოდალური დამოკიდებულებანი XIX საუკუნის შუა წლებისთვის თანდათან დაკნინებას მიეცა. იმპერატორის სპეციალური დადგენილებით, 1871 წელს სამურაებს აეკრძალათ ხმლის ტარება, რამაც საკმაოდ მოკლე ხანში მეომრებისა და პოლიციელების საბრძოლო ფიზიკური მომზადების სისტემაზე იმოქმედა. ჯიუ-ჯიცუს სხვადასხვა სკოლებში სწავლების აქცენტად უიარაღო თავდაცვის ხერხების დაუფლება იქცა. რეფორმების შედეგად გამოცხადდა სამურაების, გლეხების, ხელოსნებისა და ვაჭრების თავისუფლება და სამურაების მიერ დაარსებული სკოლებიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. ქვეყნის განვითარებასთან ერთად არა მარტო სამურაების, არამედ უბრალო იაპონელების ცხოვრების პირობებიც შეიცვალა, რაც ობიექტური წინაპირობა აღმოჩნდა ახალი, უფრო დემოკრატიული ფიზიკური აღზრდის სისტემის შექმნისათვის. ამგვარი სისტემის შექმნა ახალგაზრდა იაპონელმა პედაგოგმა, ლიცეუმის ინსპექტორმა ძიგორო კანომ სცადა. პირველ რიგში მან მიზნად დაისახა ის, რომ მისი სისტემა ხელმისაწვდომი ყოფილიყო არა მარტო სამურაებისთვის, არამედ ნებისმიერ ადამიანისთვის. მეორე ეტაპზე კანომ იაპონური ეროვნული ჭიდაობა „სუმოს“ მდიდარი გამოცდილების გამოყენება გადაწყვიტა, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ხალხში. ოდითგან იაპონიაში ძალის უკმარისობა აღიქმებოდა, როგორც ანომალია, ფიზიკური სისუსტე კი ხანგრძლივ ავადმყოფობად ითვლებოდა. სუმო ძალისა და სიმარჯვის განვითარების ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება იყო. გარდა სუმოს ელემენტებისა, ახალ სისტემას საფუძვლად დაედო ჯიუ-ჯიცუს უსაფრთხო და ეფექტური ილეთები. ამგვარი სელექციის გატარებისთვის ახალგაზრდა ძიგორო კანოს სხვადასხვა სკოლებში თავად მოუხდა სხვადასხვა სკოლებში სწავლების მკაცრი სისტემის გავლა. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს ჯიუ-ჯიცუს სისტემას ოცამდე სხვადასხვა სკოლა „რიუ“ გააჩნდა. ძიგორო კანოს აზრით ყველაზე ეფექტურ სკოლებს „კატო-რიუ“ და „ტუნსინ-სინიო-რიუ“ წარმოადგენდა, რომელთა ტექნიკური არსენალიც საფუძვლად ახალ სისტემას დაედო. ძიგორო კანო მოგვიანებით თავის წიგნში წერდა: „ჯიუ-ჯიცუს“ ახალი სისტემის შესწავლისას დავრწმუნდით, რომ ეს არის სხეულისა და გონების განვითარების ყველაზე ეფექტური საშუალება, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს მეთოდი ყველაზე ფართო წრეებში გავავრცელო“. 1882 წელს ძიგორო კანომ ტოკიოში დააარსა საკუთარი სკოლა, სადაც აღზრდის ახალი სისტემის სწავლება და პროპაგანდა დაიწყო, რომელსაც „ძიუდო’“ უწოდა. ამავე დროს ტოკიოსა და იაპონიის სხვა ქალაქებში აღზრდის ახალი სისტემების შექმნის აქტიური ცდები მიმდინარეობდა, რასაც საფუძვლად ჯიუ-ჯიცუს სხვა სკოლების მეთოდური და იდეოლოგიური მიმართულებანი დაედო, ამიტომ ძიგორო კანო ძიუდოს ტექნიკური არსენალის შერჩევასა და საზოგადოების ფართო წრისთვის მისი მისაწვდომობისა და უსაფრთხოების ბიომექანიკური დასაბუთების ძიებას განაგრძობდა. ზოგადად ძიუდოს არსენალის სელექცია 1886 წელს დასრულდა. დადგა ჟამი მის მიერ შექმნილი სისტემის სიცოცხლისუნარიანობის დამტკიცებისა. ღია პაექრობაში უნდა გადაწყვეტილიყო, თუ რომელი სკოლა იყო საუკეთესო. ამ დროისათვის ძიგორო კანოს სკოლას „კოდოკანი“ ეწოდა, რაც „გზის შესწავლის სკოლას“ ნიშნავს. განსაკუთრებით მწვავე კონკურენცია ხიკოსუკე ტოცუკასა და კოდოკანის სკოლებს შორის გაიმართა. 1886 წელს ისინი ოფიციალურად შეხვდნენ ერთმანეთს. სკოლებმა თავისი საუკეთესო 15-15 მოჭიდავე წარადგინეს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, 15 შეხვედრიდან ფრედ მხოლოდ ორი პაექრობა დასრულდა, დანარჩენში კი დიდი უპირატესობით კოდოკანის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. ამ წარმატებამ საბოლოოდ დაამტკიცა ძიგორო კანოს მიერ შექმნილი ფიზიკური აღზრდის ახალი სისტემის უპირატესობა. ძიუდოს პროპაგანდის მიზნით ძიგორო კანომ 1889 წელს გადაწყვიტა ჩაეტარებინა ტურნე ევროპაში. ამ დროისათვის ძიუდო უკვე მთელს იაპონიაში გავრცელდა, თუმცა ცალკეულ სკოლებში მაინც განაგრძობდნენ მეტოქეობას და ხელს უშლიდნენ მის გავრცელებას. ძიუდოს მეთოდური და ფილოსოფიური საფუძვლების შემუშავებისადმი მეცნიერულმა მიდგომამ და პროფ. ძიგორო კანოს და მისი მოსწავლეების დაუღალავმა პროპაგანდისტურმა საქმიანობამ თავისი გაიტანა. 1922 წლისთვის ძიუდო სპორტის ეროვნული სახეობა, 1931 წლიდან კი იაპონიის ყველა საშუალო სკოლაში აუცილებელ საგნად იქცა . 1903 წლიდან 1922 წლამდე არსებული პერიოდი შეიძლება დავახასიათოდ არა მარტო ძიუდოს ჩამოყალიბების, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებში ძიუდოს ექსპორტის ხანად. კოდოკანი თავის საუკეთესო მოსწავლეებს ძველი და ახალი სამყაროს ყოველ კუთხეში გზავნიდა, კერძოდ: ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. ძიუდომ მთელს მსოფლიოში დაიწყო გავრცელება. ძიუდოს პოპულარიზაციას ხელს უწყობდა არა მარტო მისი სპორტული მხარე, არამედ მეტწილად ფიზიკური და სულიერი აღზრდის წარმოდგენილი სისტემის პროგრესულობა. ძიგორო კანო შემთხვევით არ უწოდებდა თავის სისტემას „ჯიუ-ჯიცუს“ (რბილი ხელოვნება) ნაცვლად „ჯიუ-დო“ (რბილი, მოქნილი გზა). ამით მან, პირველ რიგში ხაზი გაუსვა ფიზიკური და სულიერი საწყისების უწყვეტ ერთიანობას, მეორე მხრივ კი, არსებული პრობლემის გადაწყვეტისადმი სხვადასხვანაირი მიდგომის შესაძლებლობას. ძიგორო კანოს დამსახურებაა ისიც, რომ მან შეინარჩუნა რა ძიუდოს, როგორც აღმზრდელობითი სისტემის მთლიანობა, მასში გამოჰყო შემდეგი სამი შემადგენელი და ურთიერთდაკავშირებული ნაწილი: ტექნიკური ხელოვნება, სპორტი და თავდაცვის ხელოვნება. 1932 წელს ძიგორო კანო იაპონიის ფიზიკური კულტურის მინისტრად დაინიშნა. ამ დროისათვის იგი იწყებს აქტიურ მუშაობას ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ძიუდოს ჩართვისათვის, მაგრამ იგი სიცოცხლეში ვერ მოესწრო ამ ოცნების განხორციელებას. პროფ. ძიგორო კანო 78 წლის ასაკში, 1938 წელს გარდაიცვალა. 1938 წელს იაპონიის ხელისუფლების სათავეში პროფაშისტური მთავრობა მოვიდა და ქვეყანამ კურსი ომის სამზადისზე აიღო და ძიუდოს სისტემის პროგრესული საწყისები დავიწყებას მიეცა. სახეობამ უაღრესად გასამხედროებული ელფერი შეიძინა და ხელს უწყობდა სისასტიკისა და სამურაელთა საბრძოლო მზადების განვითარებას. ამგვარი მდგომარეობა ბატონობდა იაპონურ ძიუდოში მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე. ეს პერიოდი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ყოფილ საბჭოთა კავშირში ძიუდოსადმი ნეგატიური დამოკიდებულებით ხასიათდებოდა. 1945 წლიდან იაპონიაში იცვლება სოციალურ-პოლიტიკური ვითარება. კაპიტულირებული სახელმწიფო, შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ მოექცა. ამერიკელებმა იცოდნენ ომამდელი ძიუდოს გასამხედროებული ხასიათის შესახებ და სწორედ ამიტომ აკრძალეს მისი სწავლება იაპონიის სკოლებში. აკრძალვა მოიხსნა 1948 წელს, როდესაც სახელმწიფომ უარი თქვა რევანშზე. ამ დროს ძიგორო კანოს ვაჟი რისეი კანო სათავეში ჩაუდგა იაპონურ ძიუდოს და აქტიურად შეუდგა მამის პედაგოგიური სისტემისა და ძიუდოს პროგრესული საწყისების აღდგენას.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო