ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ევროპის II თამაშების მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა

„ევროპულმა თამაშებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო! 30 მედალი და მედლების რაოდენობით მეხუთე ადგილი მართლაც უნიკალური წარმატებაა“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის მეორე თამაშების მედალოსნებს, რომლებსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სპორტულ ფედერაციებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტს ქართველი გულშემატკივრის სახელით მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

„ქართველი ადამიანის გენში არის ჯანსაღი ცხოვრება და სწრაფვა პირველობისკენ. მე, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, კარგად ვიცი, რომ შედეგი მხოლოდ ძალიან მძიმე შრომით მიიღწევა. ის ფაქტი, რომ ჩვენ ორჯერ გავზარდეთ მედლების რაოდენობა წინა თამაშებთან შედარებით, უნიკალური წარმატებაა და თითოეული თქვენგანი ნამდვილი გმირია! 30 მედალი და მედლების რაოდენობით ევროპაში მეხუთე ადგილი არის უზარმაზარი წარმატება, თქვენი, მწვრთნელებისა და ფედერაციის დამსახურება და ქართველი ხალხის სახელით დიდ მადლობას გიხდით! სპორტი მხოლოდ საერთაშორისო ტურნირებზე მიღწეული წარმატება არ არის. ჩემთვის სპორტი არის საშუალება, რომ ჩვენ, როგორც ერმა, შევძლოთ ჩვენი ნიჭის წარმოჩინება და ვაჩვენოთ მომავალ თაობებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს. თითოეული თქვენგანი არის მაგალითი მომავალი თაობისთვის, საქართველო თქვენით ამაყობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მინსკის მეორე ევროპული თამაშები საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგით დასრულდა: სპორტსმენებმა შვიდ სახეობაში 30 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი. თამაშებში ევროპის 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო