ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
დიდი გამარჯვება

1962 წლის 29 ივნისი სამუდამოდ შევიდა ქართული სპორტის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი. სწორედ ამ დღეს, შვეიცარიის ქალაქ ჟენავას Patinoire des Vernets-ის არენაზე, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის თასის მეხუთე გათამაშების ფინალში, თბილისის დინამოელებმა მადრიდის „რეალი“ 90;83 დაამარცხეს და საპატიო ჯილდოს დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩატარებული ოთხი გათამაშებაც საბჭოთა გუნდებმა მოიგეს (სამჯერ რიგის „სკა“ და ერთხელ მოსკოვის „ცსკა“). ამდენად, ფინალში „დინამოს“ გასვლა დიდი მოულოდნელობა არ იყო, მით უმეტეს, რომ ქართველ კალათბურთელებმა ერთხელ უკვე ითამაშეს ამ პრესტიჟული ტურნირის გადამწყვეტ ეტაპზე (1959/1960წ.წ.), სადაც ორმატჩიან სერიაში რიგის სკა-სთან დამარცხდნენ. მაშინ გამარჯვებულის ბედი ასეთ სერიებში წყდებოდა. თუმცა, რადგან იმ წელს არც ესპანელებმა ისურვეს საბჭოთა კავშირში ჩამოსვლა და არც საბჭოთა სპორტის მესვეურებს უნდოდათ ფრანკოს ესპანეთში გუნდის გაშვება, გადამწყვეტი შეხვედრა ნეიტრალურ ქვეყანაში დაინიშნა. „დინამოელთა’ მოწინააღმდეგე მადრიდის „რეალი“ ორი ამერიკელი კალათბურთელით, სტენ მორისონით (203 სმ) და უეინ ჰაიტაუერით (205 სმ) იყო გაძლიერებული. განსაკუთრებულ იმედებს ესპანელები უეინ ჰაიტაუერზე ამყარებდნენ, რომელიც განსაკუთრებული ფიზიკური ძალით და მაღალი ნახტომით გამოირჩეოდა. უნდა ითქვას, რომ ფინალური შეხვედრა ჰაიტაუერმა მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა და თავის გუნდს 30 ქულა მოუტანა, თუმცა, ეს დინამოელთა დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ფინალური მატჩის შემდეგ ჰაიტაუერი „რეალში“ დიდხანს აღარ შეყოვნებულა და კარიერა ნბა-ს „სან ფრანცისკო უორიორზში“ გააგრძელა, სადაც იმ დროს ლეგენდარული უოლტ ჩემბერლენი თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ ფინალურ მატჩზე ერთი „მოწვეული“ მოთამაშე თბილისის „დინამოშიც“ ირიცხებოდა. ეს იყო მათი მოსკოველი თანაკლუბელი ალექსანდრე პეტროვი. მატჩის პირველი ტაიმი, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თბილისელებმა მხოლოდ ორი ქულის სხვაობით 38;36 მოიგეს. მეორე ტაიმიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, თუმცა ერთ მომენტში „დინამოელებმა“ 7 ქულით გაქცევა მოახერხეს და საბოლოოდ ანგარიშით 90;83 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ფინალურ მატჩს ესწრებოდა ემიგრაციაში მცხოვრები 82 წლის გამოჩენილი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე. გამარჯვებულ გუნდში, რომელსაც სახელგანთქმული ოთარ ქორქია წვრთნიდა, თამაშობდნენ - გურამ მინაშვილი (კაპიტანი) – 9 ქულა, ვალერი ალთაბაევი - 17, ანზორ ლეჟავა - 16, ვლადიმერ უგრეხელიძე - 14, ალექსანდრე კილაძე - 14, ალექსანდრე პეტროვი - 12, ლევან ინწკირველი - 3, ლევან მოსეშვილი - 3, ილარიონ ხაზარაძე - 2, ამირან სხიერელი, რევაზ გოგელია.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო