ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა IHF-ის ერთა ჩემპიონატის ფინალში 31:21 დაამარცხა კუბა და ტურნირის გამარჯვებული შვიდიდან შვიდი მოგებით გახდა! ამასთან ერთად კი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
თამაში იმით დაიწყო, რომ კუბელებმა პერსონალურად, მოედნის ცენტრში აიყვანეს ირაკლი ჩიქოვანი. ჩვენი მწვრთნელების პასუხი მომენტალური იყო - მათ მოხსნეს ხაზის მოთამაშე არსენაშვილი და გამთამაშებლად დაამატეს კბილაშვილი. ამგვარად, ჩვენი შეტევისას თამაში ხუთი-ხუთზე მიდიოდა, რის შემდეგაც კუბელთა დაცვის ფრთები მოშიშვლებული იყო. ამით ისარგებლეს გოგოლაძემ (2 გოლი) და რუსტამოვმა, რომელმაც 4 დარტყმიდან 3 გოლი გაუტანა კუბელთა მეკარე სუარესს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მესამე - ჩვენმა მარცხენა გარემარბმა ინდივიდუალურად მოატყუა მეურვე, მეკარეს ბურთი დაუბზრიალა და სამი ბურთით დავწინაურდით - 9:6.
ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად იდგა და შოთა თევზაძეს თამაშს უადვილებდა, მაგრამ ზუსტად აქ კრიზისი დაგვეწყო და კუბამ ზედიზედ ოთხჯერ გაგვიტანა - 9-10.
თამაში თავის თავზე აიღო გიორგი ცხოვრებაძემ - მან ორი ინდივიდუალური გარღვევით დაგვაწინაურა, შემდეგ კი ძალიან კარგად შემოვიდა გიორგი დიხამინჯია - გოლი, მოპოვებული ორწუთიანი და შვიდმეტრიანი.
პირველ ტაიმში ბოლო სიტყვა ჩიქოვანმა თქვა - ის შეტევაში მხოლოდ რიცხვობრივი მეტობის ან სწრაფი გადატანის დროს მონაწილეობდა, ერთი გოლი თავად გატანა, ბოლო წამებზე კი კბილაშვილს გაატანინა 6 მეტრიდან - 14:10.
მეორე ნახევარი ჩიქოვანმა მარცხენა ინსაიდად დაიწყო, მის მეურვეობაზე კუბელებმა უარი თქვეს, მაქსიმოვიჩი დროდადრო თამამად ენდობოდა 17 წლის კალანდაძესაც, ორჯონიკიძეს კი ძირითადად დაცვაში უწევდა თამაში. დიხამინჯიამ, არსენაშვილმა და ჩიქოვანმა სხვაობა გაზარდეს - 17:11, თევზაძემ ორი 7-მეტრიანი მოიგერია, რუსტამოვმა ზედიზედ ორჯერ გაიტანა, ცხოვრებაძემ კი ორჯერ გააძევებინა მეტოქე - 19:12.
მაგრამ ორჯერ წავიდა ორწუთიანში დიხამინჯია, კუბამ სხვაობა შეამცირა და მეტსაც იზამდა, ორჯერ ცარიელ კარში რომ არ აეცილებინა, თევზაძეს კი პირისპირ გასული მეტოქისთვის არ ეჯობნა. 20:15 - ეს ანგარიში კარგახანს, 45-ე წუთამდე ენთო ტაბლოზე, სანამ ჩიქოვანმა სწრაფ გარღვევაში არ გაუშვა რუსტამოვი, შემდეგ კი ორჯერ ცხოვრებაძე გაიქცა - 23:16.
52-ე წუთზე კალანდაძემ მეორედ მიაწოდა საგოლე პასი არსენაშვილს - სხვაობა 8 ბურთი გახდა, 25:17. ამით ყველაფერი გაირკვა. საბოლოოდ 31:21. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი 36 დარტყმიდან 18 მოგერიებით შოთა თევზაძე გახდა.
ტურნირის საუკეთესო მარცხენა ინსაიდი გახდა თეიმურაზ ორჯონიკიძე, ხოლო გიორგი ცხოვრებაძემ ორი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა: საუკეთესო მარჯვენა შუამარბისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის.
რაც შეეხება ევრო 2022-ის კვალიფიკაციას, პლეი-ოფში პირველი შესარჩევი რაუნდიდან გავიდნენ ლუექსემბურგი და კვიპროსი, მათ კი დაემატა საქართველო. ეს სამი გუნდი წილისყრით დაუწყვილდება ევრო 2022-ის მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში უარესი შედეგის მქონე სამ გუნდს. საკვალიფიკაციო ტურნირი უკვე დასრულდა სამეულის ვინაობაც გაირკვა: ესტონეთი, ფინეთი და ბელგია. პლეი-ოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში, სამი გამარჯვებული კი მიიღებს ევრო 2022 მთავარი შესარჩევი რაუნდის საგზურს.
იქამდე, 2019 წლის შემოდგომაზე, საქართველოს ნაკრები მოფლიოს 2021 წლის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება.
ტურნირის ოლ-სტარი:
GK - მანოლ სუარესი, კუბა
LW - ჰუან პეიძი, ჩინეთი
LB - თეიმურაზ ორჯონიკიძე, საქართველო
CB - კრისტიან ვასილევი, ბულგარეთი
RB - გიორგი ცხოვრებაძე, საქართველო
RW - სვეტლინ დიმიტროვი, ბულგარეთი
P - ედუარდო ვალიენტე, კუბა
MVP - გიორგი ცხოვრებაძე, საქართველო
ბომბარდირი - სებასტიან ედგარი, დიდი ბრიტანეთი 66 გოლი
16 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე. 2000 მაყურებელი
საქართველო 31:21 კუბა
საქართველო: თევზაძე 18/36, ცინცაძე 1/3 - ცხოვრებაძე 11/8, რუსტამოვი 7/6, არსენაშვილი 7/6, ჩიქოვანი 4/3 (7 პასი), დიხამინჯია 3/3, გოგოლაძე 2/2, კბილაშვილი 3/1, ორჯონიკიძე 2/1, კალანდაძე 1/1, მიქავა, მერკვილაძე, იმნაძე
მწვრთნელი: მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე
კუბა: სუარესი 6/36, მარტინესი 0/1 - ტოლედანო 5, ტაბოადა 5, როდრიგესი 4, გარსია 3, ხესუსი 2, ლაფორტანი 1, ვალიენტე 1, კორდიესი, ალმეიდა, ფაუსტო, ბასულტო,
მსაჯები: ბირო, კიში (უნგ)
სამდივნო: ნაჩევსკი (მკდ) - რაიზინგერი (ავს), ფულეოვა (სლკ) - იაშვილი, წივწივაძე (საქ)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო