26-30 მაისს მიუნხენში ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი გაიმართება, სადაც საქართველო 4 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
ქალთა შორის ოლიმპიური, მსოფლიოს 6-გზის და ევროპის 13-გზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის მესამე პრიზიორი ლიზი კილაძე გამოვლენ, ხოლო ვაჟებში - ახალგაზრდებში გუნდურში ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე.
მიუნხენის მსოფლიო თასი სალიცენზიო შეჯიბრებაა, სადაც ტოკიოს ოლიმპიადის 2-2 საგზური გათამაშდება. იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიანტთა ზონაში უკვე ლიცენზირებული მსროლელი მოხვდება, მაშინ ოლიმპიადის საგზურს მომდევნო ადგილზე გასული მიიღებს და ასე შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადის საგზური უკვე მოიპოვა ნინო სალუქვაძემ. ტოკიო 2020 მისთვის სარეკორდო, მეცხრე თამაშებია.
ზემოხსენებული ოთხეულიდან ტურნირში პირველი სალუქვაძე ჩაებმება, რომელიც 26 მაისს დაიწყებს გამოსვლას სპორტული პისტოლეტით. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევარი ხვალ გაიმართება, მეორე კი 27 მაისს.
27 მაისს იასპარეზებენ ვაჟებიც, თუმცა პნევმატური იარაღით, საღამოს კი ორივე დისციპლინაში ფინალი გაიმართება.
ქალები პნევმატური პისტოლეტიდან 29 მაისს გაისვრიან. ფინალიც იმავე დღესაა, 30-ში კი შერეულ წყვილთა შეჯიბრებაა, სადაც ჩვენგან ორი დუეტი გამოვა: სალუქვაძე-მაჭავარიანი და კილაძე-ქადაგიძე.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო