განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ ევროპის ჩემპიონატიდან წარმატებით დაბრუნებულ სამბისტთა ნაკრებსა და სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობას.
16-20 მაისს, ესპანეთის ქალაქმა ხიხონმა უმასპინძლა სამბისტთა ევროპის ჩემპიონატს, რომელშიც საქართველოს ნაკრებმაც იასპარეზა და 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ მინდია ლილუაშვილი (68 კგ), თორნიკე ჭოველიძე (62 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ). ვერცხლის მედლები ნინო ოძელაშვილმა (80 კგ) და ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ირაკლი კუპატაძე (57 კგ) და ლევან ბერბერაშვილი (52 კგ) დაეუფლნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებს მომავალი შეჯიბრება მინსკში ელის. მეორე ევროპულ თამაშებზე ჩვენი გუნდი 13 სპორტსმენის შემადგენლობით გამოვა. მინსკში იჭიდავებს მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი ვახტანგ ჩიდრაშვილიც (57 კგ), რომელმაც ხიხონში გამართული ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა, რადგან ევროპული თამაშებისთვის ემზადება. 2015 წელს, ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე, სამბისტთა ნაკრებმა ოქროს მედლის მოპოვება ვერ შეძლო. ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილი გუნდი, უმაღლესი სინჯის მედლების აღებას მინსკში შეეცდება.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო