ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქართული ფეხბურთის ისტორია

1936 წლის შემოდგომით თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, ”დინამოსთვის” კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. ”დინამომ” პირველი მატჩი 7 სექტემბერს ჩაატარა კიევის ”დინამოსთან”. ქართველ და უკრაინელ ფეხბურთელთა დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით - ფრედ 2:2 დასრულდა. სადებიუტო სეზონში ”დინამომ” საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ამავე წელს ”დინამო” თასის გათამაშების ფინალში გადის, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის ”ლოკომოტივთან” 0:2 მარცხდება. 1937 წელს თბილისის ”დინამომ” ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა - საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. ”დინამო” ესპანელ მოთამაშეებს თბილისში 24 ივლისს დაუხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების წყურვილი საოცრად დიდი იყო, იმ დროისათვის უფრო თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარმა ბასკებმა 2:0 გაიმარჯვეს. 1964 წელს ”დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება - ”დინამომ” ჩემპიონატში მოსკოვის ”ტორპედოსთან” ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა დამატებით შეხვედრაში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა. 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში ”დინამომ” ”ტორპედო” 4:1 დაამარცხა. ქართველთაგან გოლები გაიტანეს - ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა. ”ოქროს მატჩში” “დინამოს” ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპიტანი), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. ”ოქროს მწვრთნელი” - გავრილ კაჩალინი და ”ოქროს გუნდის, ოქროს უფროსი” - ავთანდილ ღოღობერიძე. 1972 წლის 13 სექტემბერს დინამოელები ევროტურნირში ერთვებიან. სადებიუტო სეზონში ”დინამომ” უეფას თასზე იასპარეზა - პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს კლუბ ”ტვენტესთან” ქართველმა ფეხბურთელებმა 3:2 მოიგეს. 1976 წლის 3 სექტემბერს თბილისის ”დინამო” გახდა საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი. თბილისელებმა საოცრად დაძაბულ ბრძოლაში 3:0 სძლიეს წინა გათამაშების გამარჯვებულ ერევნის ”არარატს” - დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენალტი) და რევაზ ჩელებაძის გოლებმა ”დინამოს” პირველად არგუნა ბროლის თასი! 1978 წელს კი ”დინამო” მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი - ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა!



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო