აზერბაიჯანის დედაქალაქში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო დარბაზში დღეს დაიწყო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გრან სლემი. პირველ საჭიდაო დღეს ვაჟთა შორის 60 და 66კგ წონით კატეგორიების ფალავნები ასპარეზობდნენ, ქალებში კი 48, 52 და 57კგ წონებში გათამაშდა მედლები.
საქართველოს ნაკრებმა გრან სლემზე დღეს მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა: 60კგ წონაში თემურ ნოზაძე ფინალამდე მივიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის ვერაფერი მოუხერხა. ამავე წონაში იასპარეზა ჯაბა პაპინაშვილმა, მაგრამ რეპეშაჟის ნახევარფინალში დამარცხდა ფრანგ ვალიდე ხიართან.
გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა. მან ორი პაექრობა მოიგო, ჯერ უნგრელ რეკა პუპის სძლია, შემდეგ თურქმენ გულბადამ ბაბამურატოვას, მაგრამ 1/4-ფინალში ფრანგ ამანდინ ბუშართან წააგო და რეპეშაჟის ნახევარფინალშიც დამარცხდა შვეიცარიელ ეველინ შოპთან.
ხვალ ვაჟთა შორის 73 და 81კგ წონებში გამოვლინდებიან მედალოსნები, გოგონებში კი 63 და 70კგ წონით კატეგორიებში.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო