ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
მსოფლიო რბენას საქართველომ მეექვსედ უმასპინძლა!

5 მაისს, მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება - მსოფლიო რბენა - Wings for Life World Run ჩატარდა. საქართველოში მარათონი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

15:00 საათზე მარათონმა სტარტი ლოპოტას ტბის გადასახვევიდან აიღო. რბენაში მონაწილეობა 7000-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და მოადგილე შალვა გოგოლაძემ. მასშტაბურ მარათონში სამინიტრო საკუთარი გუნდით იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულები ქართველი მორბენლები - გაიანე უსტიანი (32,53კმ) და ლევან ჩოხელი (53,787კმ) გახდნენ. ეტლით მოსარგებლეთა შორის საუკეთესო შედეგი თეა ბოლქვაძე (13,5 კმ) და გიორგი ლომთაძემ (32,2 კმ) დააფიქსირეს.

2019 წელს მსოფლიო რბენა გაიმართა 72 ქვეყნის 323 ლოკაციაზე. ჯამში, 120 000-მა მონაწილემ დაფარა 1,103,276 კმ, ხოლო ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისთვის 3,5 მილიონი ევრო შეგროვდა და შემოწირულობები ისევ გრძელდება.

Wings for Life World Run-ი უნიკალური საქველმოქმედო რბენაა. ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. Wings for Life World Run-ს არ აქვს განსაზღვრული სარბენი მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი.  სტარტიდან 30 წუთის შემდეგ ე.წ. „ფინიშის მანქანამ“ 14 კმ/ს სიჩქარით დაიწყო მოძრაობა და მაქსიმალური სიჩქარე 34 კმ/სთ-ში განავითარა. გასულ წლებთან შედარებით, „ფინიშის მანქანამ“ სიჩქარე ყოველ ნახევარ საათში მოუმატა (15:30-14 კმ/სთ, 16:00-15 კმ/სთ,16:30-16 კმ/სთ, 17:00-17 კმ/სთ; 17:30-18 კმ/სთ, 18:00-22 კმ/სთ; 18:30-26 კმ/სთ, 19:00-30 კმ/სთ; 19:30-34 კმ/სთ). წელს ფინიშის მანქანას მართავდა სანდრო თავართქილაძე.

Wings for Life World Run 2019 წლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტის ყველასათვის“ და კომპანია „რედ ბულ“-ის საორგანიზაციო ჯგუფი.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი 



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო