ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ნონა გაფრინდაშვილი - 78!

ნონა გაფრინდაშვილი მუდამ და ყველგან პირველი უნდა ყოფილიყო: პირველი ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის, ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი...

მან ქალთა ჭადრაკი არნახულ სიმაღლეზე აიყვანა, აგრძნობინა და დაანახა ყველას, რომ ქალებსაც შეუძლიათ უმაღლეს დონეზე თამაში.

მისი გამოჩენისთანავე ცხადი გახდა, რომ ქალთა ჭადრაკს უნიჭიერესი მოთამაშე მოევლინა, რომლის დარიც მანამდე არავინ ყოფილა!

...იუგოსლავიის დაბა ვრნიაჩკა-ბანიაში, 1961 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე, ნონა გაფრინდაშვილი იუგოსლავიელ მოჭადრაკე მილუნკა ლაზარევიჩს ხვდებოდა. პარტიის მსვლელობისას, როცა დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია, დარბაზში მჯდომმა ცნობილმა საჭადრაკო თეორეტიკოსმა იგორ ბონდარევსკიმ თქვა, თუ ნონამ მეფით ითამაშა, კაცებში ოსტატობის კანდიდატობა ეკუთვნისო. ნონა სწორედ ასე მოიქცა. მალე ბონდარევსკიმ კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა - ახლა თუ კიდევ მეფით ითამაშა, ეს უკვე მამაკაცებში ოსტატის დონეაო. ნონამ ზუსტად ასე ითამაშა. განცვიფრებულმა ბონდარევსკიმ - ახლა თუ კიდევ მეფით ითამაშა, ეს უკვე მამაკაცთა შორისაც უმაღლესი დონეაო. გაფრინდაშვილმა სწორედ ის სვლა გააკეთა, პარტიაც და ტურნირიც ბრწყინვალედ მოიგო, მომდევნო წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

ნონა გაფრინდაშვილი 16 წელი ფლობდა დედოფლის გვირგვინს და უკლებლივ ყველა საჭადრაკო ტიტული მოიპოვა! სწორედ მან გაუკვალა გზა ქართულ საჭადრაკო სკოლას საერთაშორისო ასპარეზზე, მან აქცია საქართველო პლანეტარული მასშტაბის საჭადრაკო ცენტრად.

მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში ნონას დამსახურება იმდენად დიდია, რომ 1997 წელს ფიდემ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.

დღეს, 3 მაისს, ნონა გაფრინდაშვილის იუბილეა - დედოფალი 78 წლის გახდა. ვულოცავთ!



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო