კიშინიოვში, მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის საკონფერენციო დარბაზში ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისი კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ფეხბურთის პროფესორის“ ჩვენება შედგა. ფილმი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის შესახებ მოგვითხრობს.
ჩვენების ორგანიზატორები იყვნენ მოლდოვის ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს საელჩო მოლდოვაში და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია. ღონისძიებას დაესწრნენ მოლდოვის ფეხბურთის ვეტერანები, ფედერაციის ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩი მოლდოვაში, წარსულში ცნობილი მორაგბე მერაბ ანთაძე, მოლდოვაში მოქმედი ქართული საზოგადოება „სამშობლოს“ წარმომადგენლები, ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი მოლდოვას რესპუბლიკაში პაატა კეჟერაშვილი.
მისასალმებელ სიტყვაში მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დრაგოშ ხინკიმ ხაზი გაუსვა ქართული ფეხბურთის უნიკალურ ისტორიას.
ფედერაციის პრეზიდენტმა პაველ ჩებანუმ აღნიშნა, რომ როგორც ვეტერან ფეხბურთელსა და ჩივაძის თანატოლს, კარგად ახსოვს ლეგენდარული ქართველი მოთამაშე: „საშა ჩივაძე საერთაშორისო დონის ფეხბურთელი გახლდათ, ის დამსახურებული ვეტერანია და დღესაც ძალიან პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის მოლდოვაში“.
საქართველოს ელჩმა მერაბ ანთაძემ განაცხადა, რომ მოლდოვაში დიდი პატივისცემით იხსენებენ სახელოვან ქართველ ფეხბურთელებს, რომლებმაც XX საუკუნეში შორს გაუთქვეს სახელი საქართველოს: „ასეთი ფილმების შექმნა და ჩვენება მიზნად ისახავს ფეხბურთის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას, ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას“, - განაცხადა ელჩმა.
ფილმის ჩვენების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თენგიზ პაჭკორიამ აღნიშნა, რომ თავად ალექსანდრე ჩივაძემ ვერ მოახერხა კიშინიოვში ჩასვლა, მაგრამ მან გააგზავნა ვიდეომიმართვა მოლდოველი ვეტერანებისათვის, რომელიც უჩვენეს კიდეც ფეხბურთის ფედერაციაში.
ფილმის რეჟისორმა გოგი თორაძემ აღნიშნა, რომ ნამუშევარში საარქივო ფოტო და კინო მასალაზე დაყრდნობით გადმოცემულია ალექსანდრე ჩივაძის კარიერა და ცხოვრება, ქართველ ვარსკვლავზე კი თავის აზრს გამოთქვამენ მურთაზ ხურცილავა, ფრანც ბეკენბაუერი, ბობი ჩარლტონი, კარლოს ალბერტო, კარლ-ჰაინც რუმენიგე და სხვა დიდებული მოთამაშეები.
„ქართული ფეხბურთი ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალობით, სილამაზითა და იმპროვიზაციით და ამის გამო მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა რეჟისორმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მოლდოვის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გოგი თორაძის სხვა ნამუშევრის - „ქართული კალათბურთის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო