17 აპრილს კიშინიოვში, მოლდოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საკონფერენციო დარბაზში ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ქართული კალათბურთის“ საჯარო ჩვენება გაიმართება.
უნიკალურ საარქივო ფოტო და კინო მასალაზე დაყრდნობით ფილმში გადმოცემულია ქართული კალათბურთის თითქმის საუკუნოვანი ისტორია. განსაკუთრებული ყურადღება ეძღვნება ქართული კალათბურთის ტრიუმფალურ გამარჯვებას 1962 წელს, ევროპის ჩემპიონთა თასზე, სადაც თბილისის დინამოელებმა ჟენევაში მადრიდის რეალი დაამარცხეს ანგარიშით 90:83 და ევროპის ჩემპიონთა თასი - კონტინენტის ყველაზე მაღალი საკლუბო წოდება მოიპოვა.
ფილმში ასევე ნაჩვენებია თბილისის დინამოელთა მიერ სსრკ ჩემპიონატებში 4-ჯერ ჩემპიონობა (1950, 1953, 1954 და 1968), სახელოვანი ქართველი კალათბურთელების წარმატებული გამოსვლები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე და ოლიმპიურ თამაშებზე.
„ქართული კალათბურთი“ ასევე დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი კალათბურთის განვითარებას და მიღწევებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991 წლიდან), ჩვენი კალათბურთელების გამოსვლებს NBA-ს კლუბებში, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლებს ევროპის ჩემპიონატებში.
გოგი თორაძის ეს ფილმი ნეაპოლის საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატია, ხოლო მისი ერთ-ერთი წინა ნამუშევარი „ჩვენი ფეხბურთი“ მილანის და ტაშკენტის სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალებზე საგანგებო ჯილდოებითა და დიპლომებით აღინიშნა.
ამ ფილმის საჯარო ჩვენების ორგანიზატორები არიან მოლდოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია. ფილმის ჩვენებას დაესწრებიან მოლდოველი ჟურნალისტები, ვეტერანი კალათბურთელები, საქართველოს ელჩი მოლდოვაში მერაბ ანთაძე, მოლდოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, რეჟისორი გოგი თორაძე და ჩვენების ინიციატორი თენგიზ პაჭკორია.
საინტერესოა, რომ შექმნილია ამ ფილმის სამენოვანი ვარიანტი - ქართული, ინგლისური და რუსული. ფილმის სცენარის ავტორები არიან ნონა ღამბაშიძე და აკაკი გვიმრაძე, კონსულტანტები ჯამლეტ ხუხაშვილი და როლანდ ხომერიკი, პროდიუსერი რევაზ მახათაძე, ოპერატორი თეიმურაზ სულაბერიძე.
ფილმის ჩვენების მიზანია ქართული კალათბურთის ისტორიის პოპულარიზაცია, საქართველოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარება კულტურისა და სპორტის სფეროში.
„ქართული კალათბურთის“ რეჟისორი გოგი თორაძე არის 30-ზე მეტი დოკუმენტური, სატელევიზიო, მოკლემეტრაჟიანი თუ მხატვრული ფილმების ავტორი, მათ შორისაა 15 ფილმი სპორტის თემაზე.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო