საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეთერთმეტედ დაეუფლა. 2019 წლის გათამაშების მეოთხე ტურში „ბორჯღალოსნებმა“ ქუთაისის „აია არენაზე“ გერმანიის ნაკრები 52:3 დაამარცხეს და ერთი ტურით ადრე გაიფორმეს ჩემპიონობა.
შეხვედრა საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. მირიან მოდებაძისა და ლაშა ხმალაძის სწრაფი ლელოებითა და გელა აფრასიძის 2 ზუსტი გარდასახვით, მასპინძლები 14:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და საჯარიმო დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს - 14:3. უპირატესობის გაზრდა ჩვენმა გუნდმა პირველ ტაიმშივე შეძლო. ამჯერად ლელო შალვა მამუკაშვილმა გაიტანა, რომელიც აფრასიძემ გარდასახა - 21:3.
მატჩის მეორე ნახევარი კვლავ მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. პირველი ლელო ლაშა მალაღურაძემ დადო, რასაც მოდებაძის 2 ლელო მოჰყვა. მატჩის დასრულებამდე „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ორჯერ შეაღწიეს გერმანელთა ჩათვლის მოედანში. თავი ჯერ ლობჟანიძემ, ხოლო შემდეგ შარიქაძემ გამოიჩინა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 52:3 დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტულს მეთერთმეტედ დაეუფლა. ბოლო ტურის მატჩს, „ბორჯღალოსნები“ კრასნოდარში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 17 მარტს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო