https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/videos/819793333023641

ავტორი: დავით ნიკოლაიშვილი/Davit Nikolaishvili

26.10.2023

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ისტორიაში პირველად ქართული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (IFGW) ისტორიაში პირველად ჩაატარა ევროპის ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში. ჩემპიონატი აბსოლუტურ წონაში, რომელშიც მონაწილეობას 25-ზე მეტი ქვეყნის ფალავანი იღებდა, საბერძნეთში, ქ. სალონიკში, ძველ ბერძნულ ამფითეატრში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის კულტურული ნაწილის დაფინანსებისთვის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 350 000 ლარი გამოიყო. ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ღონისძიებაში ნატო მეტონიძე, ვალერიან შიუკაშვილი, ბერძენი პიანისტი ზიზი ნასყიდაშვილი და ცეკვის აკადემია ,,სუხიშვილები" მონაწილეობდნენ. ასევე, გაიმართა ხრიდოლის წარმოდგენა, რომელსაც ახლდა ქართული ჭიდაობის განვითარების ამსახველი ვიდეომასალა და დოკუმენტური ფილმი უძველესი ფრესკების შესახებ, რომლებზეც ქართული ჭიდაობის სხვადასხვა ილეთია ასახული. გარდა ამისა, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ბერძენი შემსრულებლებიც: ანსამბლი Piroueta Dance Studio, ანსამბლი Q VIOLINS-ი და სოლისტი მარიანა გიორგიადუ.

ქართულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტულსა და ოქროს მედალს ონისე ბუღაძე დაეუფლა, ვერცხლის მედლის მფლობელი საბა ინანეიშვილი გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ლევან მატიაშვილს ერგო.

ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ნამდვილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებითა და ფულადი პრიზებით: I ადგილი - 20 000 ევრო; II ადგილი - 10 000 ევრო; III ადგილი - 5 000 ევრო. მათ გადაეცათ სხვადასხვა სპონსორის დაწესებული პრიზებიც.

ევროპის ჩემპიონ ონისე ბუღაძეს მედალთან ერთად გადაეცა ერთ-ერთი სპონსორის - შპს „ოქროს საწმისის“ მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი - ოქროს საკოლექციო ქანდაკება „ოქროს საწმისი“. ღონისძიება გააშუქა ბერძნულმა მედიამ.

უნდა აღინიშნოს, რომ ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მის, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის, სიძველეს ადასტურებს ალავერდის ტაძრის კედელზე გამოსახული ჭიდაობის სცენაც. პერსონაჟების სახეები, ჩაცმულობა და პლასტიკა ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. შეჯიბრებები საქართველოში რელიგიურ დღესასწაულებზეც იმართებოდა. ქართული ჭიდაობა ორასამდე ილეთსა და კონტრილეთს აერთიანებს.

კლასიფიცირებულია ძირითადი ფანდები: ცერული, სარმა, თეძო, მოგვერდი, კისრული, ბრუნები და კაური. ქართული ჭიდაობის განუყოფელი ნაწილია მუსიკალური აკომპანემენტი. გამოიყენება ზურნა და დოლი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს ტრადიციული ქართული ჭიდაობა იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანეს, რითაც ქართული ჭიდაობის ელემენტების ექსკლუზიურობა, ფაქტობრივად, დადასტურდა.

video: https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/videos/819793333023641

ავტორი: დავით ნიკოლაიშვილი/Davit Nikolaishvili

26.10.2023



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო