ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სეოკ-ის აღმასკომის სხდომაზე ტოკიო 2020-ზე იმსჯელეს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო.

დღის წესრიგის მთავარი თემა იყო კოვიდ-19-ით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება. ამ საკითხზე აღმასკომის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

კორონავირუსის პანდემიამ არსებითად შეცვალა მსოფლიო სპორტის დღის წესრიგი, ფაქტობრივად შეწყდა ყოველგვარი სპორტული აქტივობა, გაუქმდა ან გადაიდო მნიშვნელოვანი ადგილობრივი და საერთაშორისო შეჯიბრებები. საქმე იქამდე მივიდა, რომ 2021 წლამდე გადავადდა ყველაზე მთავარი მულტისპორტული შეჯიბრება - ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რის შესახებაც ოფიციალურად გამოცხადდა 24 მარტს. შესაბამისად, ჩაიშალა დაგეგმილი სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, დღემდე გაურკვეველია, როდის აღდგება სრულფასოვანი სპორტული ცხოვრება.

ასეთ კრიზისულ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სპორტსმენების მორალურ მხარდაჭერას, მოტივაციის შენარჩუნებას, ყოველდღიურ ვარჯიშს. სეოკ-ის ხელმძღვანელობას სისტემატური კომუნიკაცია ჰქონდა სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან, სპორტულ ფედერაციებთან, გამოქვეყნდა სეოკ-ის პრეზიდენტის არაერთი საჯარო მიმართვა-მოწოდება, მოეწყო სპორტსმენებისა და ფედერაციების გამოკითხვა, შენარჩუნდა ოლიმპიური სტიპენდიები. სეოკ-მა წერილით მიმართა საქართველოს მთავრობას ოლიმპიელთა საწვრთნელი პროცესის განახლების აუცილებლობაზე, მთავრობის ხელმძღვანელს იმავე საკითხზე პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა. პარალელურად, მედიკოსებთან ერთად შემუშავდა სპეციალური პროტოკოლი პროფესიული სპორტისთვის. სპორტის უმეტესი სახეობის წარმომადგენლები ნაწილობრივ უკვე შეუდგნენ ვარჯიშს ღია სივრცეში მწვრთნელების მეთვალყურეობით.

სეოკ-ის აღმასკომის წევრებმა გამოთქვეს იმედი, რომ ქვეყანაში არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში, უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სასწავლო პროცესის განახლება, რაც აუცილებელია სპორტული ფორმის აღსადგენად, შემდგომში კი სალიცენზიო და სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებში წარმატებული მონაწილეობისთვის.

სხდომაზე ასევე განიხილეს და დაამტკიცეს სეოკ-ის კორექტირებული ბიუჯეტი, იმსჯელეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე. სხდომას ესწრებოდა სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, რომელმაც აღმასკომის წევრებს გააცნო ბოლო სამთავრობო გადაწყვეტილებები საწვრთნო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ სხდომის მონაწილეებმა სეოკ-ის ეზოში გადაინაცვლეს. ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებს საერთაშორისო ოლიმპიური დღე მიულოცა და ფულადი ჯილდოები გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ბოლოს, პეციალური სერთიფიკატით, სამახსოვრო საჩუქრებით და ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცემული წიგნებით („ოლიმპიური ორტომეული“ და „მოგზაურობა ოლიმპეთში“) დაჯილდოვდნენ სეოკ-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ შემოქმედებით კონკურსში - „მოგზაურობა ოლიმპეთში“ გამარჯვებულები, ასევე ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსის ლაურეატები. ამ კონკურსებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, გამარჯვებულები კი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.

კონკუსში გამარჯვებულთა ნახატები გამოიფინება ოლიმპიურ კომიტეტში, ელექტრონულად გაიგზავნება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში და ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო