ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს ჩოგბურთის ისტორიიდან

ჩოგბურთის განვითარება საქართველოში დასაბამს მე-19 საუკუნის დამლევიდან იღებს. ჭიათურაში ინგლისური ფირმა “Forward and Salinas”–ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ (რომელსაც მეუღლე ქართველი ჰყავდა) მანგანუმის ქალაქში ახალი თამაში ლაუნ-ტენისი შემოიტანა. გამოჩენილი ქართველი ჩოგბურთელი და პედაგოგი იან ჰომერი (1898-1981) თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ წერეთლების ოჯახი და თვით უკვდავი მგოსანი _ აკაკი ადევნებდა თვალს საჩოგბურთო სანახაობას. ჭიათურიდან ჩოგბურთმა გავრცელება თბილისსა და ბათუმში ჰპოვა. 1913 წელს გამოცემულ ქალაქ თბილისის ცნობარში თუ ჩაიხედავთ, იქ სხვა ინფორმაციასთან ერთად თბილისის პირველი ჩოგბურთის კლუბის მისამართს წავაწყდებით (ამჟამინდნლი ჩიტაძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტოს წინ). 1915 წელს სკეიტინგ რინგის ადგილზე პლეხანოვის 117 ნომერში (მაშინდელი მიხეილის პროსპექტი) ახალი საჩოგბურთო კლუბი გაიხსნა. მალე ჰომერის ოჯახი თბილისში გადმოვიდა და ჩოგბურთის კორტების ეზოში დასახლდა. ჭიათურაში მიღებული პირველი გაკვეთილების შემდეგ, იან ჰომერმა თავისი ოსტატობის დახვეწა განაგრძო და იმავდროულად მუშაობა მწვრთნელად დაიწყო. მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე (პირველ ნახევარში) სპორტი საქართველოში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა, კარჩაკეტილ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იმ შორეული წლების ქართველ ჩოგბურთელთა სიძლიერის შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩოგბურთი საქართველოში ვითარდებოდა, და თამაშის სტილით ყოველთვის შეიძლებოდა ქართველი ჩოგბურთელის ამოცნობა _ მთელ მოედანზე კომბინაციური თამაშის უპირატესობაში გამოიხატებოდა. მრავალი წლის მანძილზე ქართულ ჩოგბურთს საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა. პირველად მასზე, როგორც მოვლენაზე, 1928 წელს სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე ალაპარაკდნენ. იმ დროს გუნდი იან ჰომერმა მოამზადა (მწვრთნელის მოვალეობის გარდა ის შეჯიბრებაშიც მონაწილეობდა). ყველასათვის მოულოდნელად ამიერკავკასიის გუნდმა, რომელიც მთლიანად საქართველოს ჩოგბურთელებით დაკომპლექტებული იყო, მარტო ერთი შეხვედრა წააგო ისიც, ფინალში, მოსკოვის გუნდთან და მე-2 ადგილი დაიკავა. უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ედუარდ ნეგრებეცკის (1908-1985) თამაშმა. შემდგომში ე.ნეგრებეცკი საბჭოთა კავშირის მრავლგზის ჩემპიონი გახდა სხვადასხვა თანრიგებში. იმ წლებში თბილისში ახალი ჩოგბურთის კორტები შენდება: მარჯანიშვილის ქუჩაზე (1930), ვერის პარკში (ამჟამად იქ კალათბურთის დარბაზია) და 1939 წელს ყოფილ მადათოვის კუნძულზე სპორტსაზოგადოება ~დინამო~-ს საჩოგბურთო სტადიონი. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დიდ წარმატებებს მიაღწია არჩილ მდივანმა (1911-1937) (ცნობილი ბოლშევიკის ბუდუ მდივანის შვილი). ის მრავალი წლის განმავლობაში სსრ კავშირის უძლიერეს ათეულში შედიოდა და ე. ნეგრებეცკის- თან ერთად წყვილთა თანრიგში სსრ კავშირის მრავალგზის ჩემპიონი იყო. არჩილ მდივანის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. ის 1937 წელს რეპრესირებული 80 იქნა. ქალთა შორის 30-იან წლებში თავისი თამაშით გამოირჩეოდა თამარ გოგოლაური (1908-1990), რომელიც იმ პერიოდში სსრ კავშირის ერთ-ერთ უძლიერეს ჩოგბურთელად იყო აღიარებული. 1936 წელს პირველად ქართული ჩოგბურთის ისტორიაში საქართველოს წარმომადგენლები ნუნუ ხელაია (1918) და სოხუმელი პავლე პოდპორინი (1918-1943) იუნიორთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს არამ ხანგულიანის (1901-1974), როგორც მწვრთნელის დამსახურება. 1932 წლიდან 1969 წლამდე ის თავის მეუღლესთან ევგენია ვერმიშევასთან (1901-1988) ერთად საზოგადოება “დინამო”-ს მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და ჩოგბურთელთა მრავალი თაობა აღზარდა. მის აღზრდილთა შორის ყველაზე ცნობილი ალექსანდრე მეტრეველი გახდა. 30-იან წლებში მარჯანიშვილის კორტებზე ნაყოფიერად მუშაობდა იან ჰომერის მოწაფე ვახტანგ (გუგული) დიდიძე (1912-1991) _ ვანო ელერდაშვილის, გივი კოკაიას და ვიქტორ ურაევსკის პირველი მწვრთნელი. ბატონი ვახტანგი საქართველოში პირველი საკავშირო კატეგორიის მსაჯია (1938). მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში თავისი თამაშით გამოირჩეოდნენ ბორის კრუპენიკოვი (1918), ვანო ელერდაშვილი (1920), გივი კოკაია (1929) და, რა თქმა უნდა, ვიქტორ ურაევსკი (1930-1979). ვიქტორის თამაშის სტილი ჰარმონიული იყო. ის ყველაფერში არაჩვეულებრივად ნიჭიერი იყო. სამწუხაროდ, ვიქტორი ნაადრევად წავიდა ცხოვრებიდან. ამ წლებში დიდი წარმატებით გამოდიოდნენ მოზარდები, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. 1956 წელს ისინი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში პირველად გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის თამაშებში. იმ პერიოდში ა. ხანგულიანის გვერდით წარმატებით მოღვაწეობდნენ საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვთნელები მარიამ კლდიაშვილი (1914-1995) და ვლადიმერ სერებრენიკოვი (1912-1967). მათ აღზარდეს ქართველ ჩოგბურთელთა მთელი პლეადა. მწვრთნელთა კადრების მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს არჩილ ელერდაშვილს (1920-1987). იგი მრავალი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში. ინსტიტუტის კედლებში აღიზარდნენ ცნობილი მწვრთნელები მარლენ ქობალია, გურამ თოხაძე, რენა აბჟანდაძე, ოთარ ჭარხალაშვილი, გივი ახალაძე, ნიკო ელერდაშვილი, სულიკო თუხარელი და ბევრი სხვა, რომლებმაც წინამორბედთა დაწყებული საქმიანობა 50-90 წლებში გააგრძელეს. 60-70 წლებში ა. მეტრეველის გარდა, საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე დიდ წარმატებებს მიაღწიეს ირინა ერმოლოვამ, რენა აბჟანდაძემ (1940-1995), ალა ივანოვამ, ნინო თუხარელმა, ნუგზარ მძინარიშვილმა (1943), თეიმურაზ კაკულიამ (1947). 80-იან წლებში ქართული ჩოგბურთის დამსახურებული ვეტერანები ჩოგბურთელთა ახალმა თაობამ შეცვალა, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ლეილა მესხი, ირინა მალაციძე, ვლადიმერ გაბრიჩიძე, დავით კაჭარავა. ლეილა მესხი 1989 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, იყო ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, 90-იან წლებში კი მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ჩოგბურთელად ითვლებოდა. 1991 წელს საქართველოს საჩოგბურთო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, შეიქმნა საქართველოს ჩოგბურთის დამოუკიდებელი ფედერაცია. 1992 წლის ოქტომბერში კი საქართველო ჩოგბურთის საერთაშორისო გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა, შევიდა რა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაში (ITF) და ჩოგბურთის ევროპის ასოციაციაში (ETA). 1993 წელს ქართველმა გოგონებმა და ვაჟებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში. 1994 წლიდან საქართველო “დევისის თასის” და “ფედერაციის თასის” გათამაშების მონაწილეა. 1993 წელს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ნინო ლუარსაბიშვილი მსოფლიო ჩემპიონად გოგონათა შორის აღიარებული იქნა. 1996 წელს რენა აბჟანდაძის მოწაფე ირაკლი ლაბაძე იუნიორთა შორის, ევროპის ჩემპიონი გახდა. 1998 წელს უიმბლდონის ტურნირის ფინალში გავიდა, ახლა კი პროფესიონალურ ჩოგბურთში იმკვიდრებს პოზიციებს. 1997 წლიდან ლეილა მესხის თაოსნობით თბილისსა და ბათუმში ქალთა საერთაშორისო ტურნირები ტარდება, 2000 წლიდან კი თბილისში მამაკაცთა პროფესიონალური ტურნირები თამაშდება. ქართულმა ჩოგბურთმა რთული და საინტერესო გზა განვლო. თაობათა შორის კავშირი არ გაწყვეტილა და ის ტრადიციები, რომელთაც დასაბამი მე-20 საუკუნის დასაწყისში მიეცათ,1ვითარდება და ზოგჯერ სრულიად განსხვავებულ ფორმას ღებულობს, ვინაიდან დღეს ჩვენ სულ სხვა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომელსაც ახალი ეკონომიკური საფუძვლები და ურთიერთობები აქვს. ქართული ჩოგბურთის ბედი ახალგაზრდა თაობაზე დამოკიდებულია, რომელმაც ძველი გამოცდილების გათვალისწინებით ქართული ჩოგბურთი განვითარების ახალ საფეხურზე უნდა აიყვანოს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო