ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქართული კალათბურთის ისტორია

ქართული კალათბურთის ისტორია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. 1922 წელს მოსკოვში გამართულ ვსევობუჩის (“ვსენაროდნოე ვოენნოე ობუჩენიე”) სპარტაკიადაში მონაწილე თბილისელმა მძლეოსანმა ალექსანდრე ჭელიძემ შემთხვევით ნახა ბოძებზე დამაგრებული კალათბურთის ფარები და უცხო თამაში. ჭელიძე საქართველოს მუშფაკის (შემდგომში – ინდუსტრიული ინსტიტუტი) ფიზკულტურულ წრეს ხელმძღვანელობდა და, თბილისში დაბრუნებულმა, მუშფაკის ეზოში (ახლანდ. უშანგი ჩხეიძის ქუჩა) კალათბურთის პირველი მოედანი მოაწყო. 1923 წლის მარტში ამ მოედანზე გაიმართა პირველი ოფიციალური მატჩი მუშფაკის ორ გუნდს შორის. პირველ კალათბურთელთა რიგებში იყვნენ გიორგი ეგნატაშვილის ტანვარჯიშული ჯგუფის წევრები – მიხეილ ცხვედაძე, გიორგი საყვარელიძე, ბორის გერასიმოვი, ალექსანდრე დავიდოვი, მიხეილ იზაშვილი და სხვები. 1924 წელს თბილისელ რკინიგზელთა თაოსნობით მოეწყო ტურნირი 6 გუნდის მონაწილეობით, რომელთაგან ერთი – “სინათლე” – იმავე წელს ამხანაგური მატჩების გასამართავად ბაქოში გაემგზავრა. “სინათლის” გამარჯვებით დამთავრდა თბილისის პირველი ჩემპიონატი (1925). იმავე “სინათლის” კაცთა და ქალთა გუნდებმა მოიგეს 1927 წელს ქუთაისში ჩატარებული საქართველოს პირველი ჩემპიონატიც. იმ პერიოდში თბილისში მომრავლდა კალათბურთის მოედნები. გუნდები ჩამოყალიბდა სპორტულ და პროფკავშირულ ორგანიზაციებში, ქართული დივიზიის ნაწილებში, სასწავლო დაწესებულებებში. პარალელურად, კალათბურთი გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ქუთაისში კალათბურთის პირველი ფარი 1923 წელს აღიმართა გივი კილაძის თაოსნობით ე.წ. მესამე ლეგიონის ეზოში. 1926 წელს მოეწყო პირველი საქალაქო შეჯიბრება. იმავე წელს ქუთაისელი კალათბურთელები ბათუმს ეწვივნენ და ადგილობრივ გუნდებს შეხვდნენ. 1927 წელს ფიზკულტურის უმაღლესმა საბჭომ კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით აფხაზეთში მიავლინა ალექსანდრე ჭელიძე. შეიქმნა კალათბურთის შემსწავლელი ჯგუფები, მოეწყო შეჯიბრებები, ჩამოყალიბდა აფხაზეთის ნაკრები, რომელიც აქტიურად ჩაება საქართველოს პირველობაში. კალათბურთით განსაკუთრებით დაინტერესდა სტუდენტი ახალგაზრდობა. მარტო თბილისის უნივერსიტეტს ათეულობით გუნდი ჰყავდა, საქალაქო პირველობის სხვადასხვა ჯგუფში კი უნივერსიტეტელთა 12 გუნდი გამოდიოდა. 1930-იანი წლების დასაწყისში საქართველოში რამდენიმე ძლიერი გუნდი იყო, რომელთა შემადგენლობაში გამოდიოდნენ ლევან ფალავანდიშვილი, ვლადიმერ და რობერტ მდივნები, ვახტანგ ციციშვილი, არჩილ წერეთელი, ლეონიდ ძეკონსკი, შალვა ყიასაშვილი, გიორგი ავალიშვილი, შალვა დიასამიძე, სურენ ოგანეზოვი და სხვები. 1934 წელს ვახტანგ ციციშვილმა შეადგინა კალათბურთის სასწავლო პროგრამა. მანვე სპორტსაზოგადოება “სტროიტელთან” ჩამოაყალიბა კალათბურთის პირველი სკოლა, რომელმაც შემდგომ არაერთი ცნობილი კალათბურთელი აღზარდა. ქართული გუნდები სსრკ ჩემპიონატებში 1934 წლიდან ჩაებნენ. ომამდელ წლებში ყველაზე უკეთ გამოდიოდა თბილისის “ლოკომოტივი”. 1944 და 1946 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობდნენ ნოდარ ჯორჯიკია, ლეონიდ ძეკონსკი, ბორის სარქისოვი, გივი ახვლედიანი, მიხეილ ფილიპოვი, ოთარ სულაბერიძე და სხვები. შემდეგ ქართულ კალათბურთში ლიდერობდა თბილისის “დინამო”, რომელიც 1950, 1953, 1954 და 1968 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო, 1949, 1950, 1951 და 1969 წლებში – სსრკ თასის მფლობელი, 1962 წელს კი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა. ქართველ კალათბურთელებს სსრკ ნაკრების შემადგენლობაში არაერთ საერთაშორისო ტურნირში გაუმარჯვიათ, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში (ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია), მსოფლიოს (ზურაბ საკანდელიძე, ნიკოლოზ დერიუგინი) და ევროპის (ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, გურამ მინაშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ზურაბ საკანდელიძე, ამირან სხიერელი, სერგეი კოვალენკო, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი) ჩემპიონატებში. კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა დროს სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭათ გიორგი ავალიშვილს, ლეონიდ ძეკონსკის, შალვა დიასამიძეს, მიხეილ კეკელიძეს, გერონტი ბაბახანიდს, გრიგოლ მეუნარგიას, ალექსანდრე მესხს, სულიკო თორთლაძეს და ოთარ ქორქიას. წლების განმავლობაში სხვადასხვა თაობის მწვრთნელთა ნაყოფიერმა მუშაობამ და კალათბურთელთა ოსტატობამ საქართველოს სახელი გაუთქვა კალათბურთის სამყაროში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩების გასამართავად ჩვენში ჩამოდიოდნენ ევროპის წამყვანი საკლუბო და ეროვნული ნაკრები გუნდები. 1958-72 წლებში თბილისს ოთხჯერ ეწვივნენ აშშ-ის კაცთა და ქალთა სამოყვარულო ნაკრებები. ქალთა პირველი გუნდები საქართველოში 1930-იან წლებში შეიქმნა. მათგან საუკეთესო იყო თბილისის “ბურევესტნიკი”, რომელმაც სსრკ ჩემპიონატში ზედიზედ ორჯერ (1965-66) დაიკავა მეორე ადგილი, 1969 წელს კი თასის გათამაშების ფინალში გავიდა. ამ გუნდში გამოდიოდნენ ელზა დურმიშიძე, ლიანა ქველიძე, ნელი ჯაფარიძე, ციალა ჯანელიძე, მედეა სურგულაძე, ალექსანდრა კოვზირიძე-რუსკინა და სხვები. ქართველ კალათბურთელ ქალთაგან ყველაზე ტიტულიანია ალისა ასიტაშვილი. მან სსრკ ნაკრებთან ერთად ორჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატში (1954, 56). 1991 წლიდან ქართული კალათბურთი დამოუკიდებლად ვითარდება, 1994 წელს შეიქმნა საქართველოს კაცთა და ქალთა ეროვნული გუნდები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში მონაწილეობენ. რამდენიმე ქართველი კალათბურთელი ევროპის ცნობილ კლუბებში თამაშობს, ვლადიმერ სტეფანია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ზაზა ფაჩულია კი აშშ-ის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის გუნდებში გამოდიან. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 4 ივნისს. 1992 წლის 10 ივლისიდან კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIBA) და ევროპის კალათბურთის კონფერენციის, ხოლო 2003 წლიდან ფიბა-ევროპის ფედერაციის წევრია. პრეზიდენტები: ალექსანდრე ჩხეიძე (1991-95), ავთანდილ საყვარელიძე (1995-97), გიორგი ქათამაძე (1998-2001), ბესიკ ლიპარტელიანი (2001 წლიდან).



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო