ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სპორტსაზოგადოება "შევარდენი"

სპორტსაზოგადოება „შევარდენი" - ეს ჩვენი სპორტის ერთ-ერთი მშვენიერი ლეგენდაა, რომლის ფესვებს XIX საუკუნის მიწურულამდე მივყავართ, როცა ქართველი და ჩეხი სპორტსმენების საქმიან და მეგობრულ ურთიერთობას ჩაეყარა საფუძველი. თბილისში პირველად ტანვარჯიშის მასწავლებელი იულიუს გრუმლიკი გამოჩნდა, რომელიც ქალაქის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში მიიწვიეს. ეს 1889 წელს მოხდა. 1892 წელს იმავე გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა სპორტული ტანვარჯიშისა და ფარიკაობის მასწავლებელმა ბ.პეტრუჩეკმა, რომელიც საქართველოს დედაქალაქს პრაღიდან ესტუმრა. მან საქართველოში 1896 წლამდე დაჰყო. 1896 წელს საქართველოს ანტონ ლუკეში ეწვია, ვინც შემდგომი წლების მანძილზე ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართული სპორტის მოყვარულებს. მისი ინიციატივით 1906 წელს თბილისში საფეხბურთო კლუბი „კომეტა" დაარსდა, 1909 წელს კი, ასევე ანტონ ლუკეშის თაოსნობით, „შევარდენის" წინამორბედი სპორტული საზოგადოება „სოკოლი" ჩამოყალიბდა. მისი წევრების დევიზი იყო: „ფიქრში სამშობლო, გულში სიმარდე და მკლავში - ძალა". 1912 წელს, პრაღაში, ქართველმა სპორტსმენებმა გიორგი ეგნატაშვილმა, ირაკლი ლორთქიფანიძემ, გიორგი და თამარ ნიკოლაძეებმა, არჩილ ბაქრაძემ, გაიოზ ბერელაშვილმა, ივანე ბერიძემ და სხვებმა დაბალ თანრიგში გუნდური გამარჯვება მოიპოვეს. ტანვარჯიშული საზოგადოება „შევარდენი" 1918 წლის 25 აგვისტოს გიორგი ეგნატაშვილის, გიორგი და თამარ ნიკოლაძეების, არჩილ ბაქრაძის, დავით ჯავრიშვილის, გაიოზ ბერელაშვილის, ირაკლის ლორთქიფანიძის, ივანე ბერიძის და სხვათა ინიციატივით დაარსდა. „შევარდენის" წევრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში აწყობდნენ გამოსვლა-შეჯიბრებებს. ორგანიზაცია ახალგაზრდობაში პატრიოტულ-რაინდულ სულს აღვივებდა. საგულისხმოა, რომ სპორტსმენები მუსიკის თანხლებით ვარჯიშობდნენ, რომლის ავტორი 18 წლის ტანმოვარჯიშე ევგენი მიქელაძე გახლდათ, შემდგომში სახელგანთქმული დირიჟორი. სპორტსაზოგადოება „შევარდენის" თაოსნობით არაერთი სახელმძღვანელო გამოიცა, მათ შორის ჩეხი მიროსლავ ტირშის ნაშრომის გიორგი ნიკოლაძისეული თარგმანი. თავად მიროსლავ ტირში ჩეხეთში „შევარდენის" მსგავსი სპორტული კავშირის, „სოკოლის" დამაარსებელი გახლდათ (1862 წელი). ხაზგასასმელია სოსო ასლანიშვილის წიგნი „პროფესორი ტირში და მისი მნიშვნელობა შევარდნობის ისტორიაში", რომლის წინასიტყვაობაში ნათქვამი იყო: „ჩვენს უმთავრეს და უპირველეს მიზანს შეადგენს ერის სიმხნევეზე ზრუნვა, მისი აღორძინება და ზნეობრივი გაჯანსაღება". „ძალა ლომისა, აღმაფრენა შევარდენისა" - ეს სპორტსაზოგადოება „შევარდენის" დევიზი იყო. მისი წევრები ერთმანეთს ესალმებოდნენ შემდეგი სიტყვებით: „გუშაგობ ერს"! პასუხად კი ისმოდა: „მარად"! ეს ტერმინები გიორგი ნიკოლაძის დედას, ოლღა გურამიშვილს ეკუთვნის, რომელიც აქტიურად იყო ჩართული „შევარდენის" საქმიანობაში. საზოგადოებას ჰქონდა ემბლემა - წმინდა გიორგის ხატი - რომელიც დამუშავებული გახლდათ ცნობილი ქართველი ფერმწერის დიმიტრი შევარდნაძის მიერ. „შევარდენის" წევრები საზოგადოების სამკერდე ნიშნებით იწონებდნენ თავს. 1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მაშინდელ ვაკის სტადიონზე (დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორია) მოეწყო „შევარდენის" წევრთა საჩვენებელი გამოსვლა-სპორტული აღლუმი. იგივე მოხდა 1920-1921 წლებშიც. სპორტსაზოგადოება „შევარდენს" და პირადად გიორგი ნიკოლაძეს დიდი წვლილი მიუძღვით ქართული სპორტული ტერმინოლოგიის განვითარებაში. მაგალითად, ნიკოლაძისეული „ტანვარჯიში", „ფეხბურთი", „თამაშგარე", „მძლეოსნობა", „არეკნი" და სხვა არაერთი სიტყვა საფუძვლად დაედო ქართულ სპორტულ ლექსიკას. 1922 წელს გამოიცა ჟურნალ „შევარდენის" პირველი და უკანასკნელი ნომერი, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმშია დაცული. 1922 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს საბჭოთა მთავრობამ „შევარდენი" გააუქმა და მის ბაზაზე ჯერ პოლიტიკურ-სპორტული საზოგადოება „ვსეობუჩი" დააარსა, მისი დაშლის შემდეგ „სპარტაკი", რომელმაც ორიოდ წელიწადში წინამორბედის ბედი „გაიზირა". 1923 წლის 19 მარტს, ამიერკავკასიის II ყრილობაზე სერგო ორჯონიკიძემ „შევარდენი" მენშევიკურ ორგანიზაციად მოიხსენია... 1965 წელს, როცა ქართული სპორტის მუზეუმი დაარსდა, პროფესორმა მიხეილ გიორგაძემ საზოგადოება „შევარდენის" მასალების გამოფენა მოაწყო. გიორგი ეგნატაშვილის ვაჟმა, ირაკლი ეგნატაშვილმა ამ საქმის ინიციატორებს ფასდაუდებელი დახმარება გაუწია. გამოფენას ასაკოვანი შევარდნელებიც დაესწრნენ: მიხეილ გორგაძე, გიორგი მერკვილაძე, გიგა ბერიძე, ტარას კუბლაშვილი, ნინო შინშიაშვილი.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო