ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ხელბურთი: საქართველო vs ფინეთი - ისტორიული მატჩი სპორტის სასახლეში!

დღეს, 19 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში ხელბურთის ეროვნული ნაკრები ფინეთს ეთამაშება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სახელბურთო შეხვედრა ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში არ გამართულა.

საქართველოს ეროვნული გუნდი ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას: ფინეთთან ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. საპასუხო მატჩი 19 იანვარსაა ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიში.

ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები წლეულსვე გადავა უფრო მნიშვნელოვან ასპარეზზე: 2020 წლის ოქტომბრიდან თბილისში გვეწვევიან ევროპის უძლიერესი გუნდები. ეს იქნება თვისობრივად ახალი დონე ქართული ხელბურთისთვის, შეიძლება ითქვას, ელიტაში მოხვედრა. ამ მიზნის მისაღწევად ბოლო წლებში დიდი შრომა გაიწია და, საქართველოს ეროვნული გუნდიც, მზადაა ამოცანის შესასრულებლად.

მთავარ შესარჩევ რაუნდში 32 ადგილია - არ ითამაშებენ მხოლოდ ფინალური ტურნირის მასპინძლები, უნგრეთი და სლოვაკეთი, ასევე ევროპის 2020 წლის ჩემპიონი და ფინალისტი. დანარჩენი 32 გუნდი განაწილდება 8 ჯგუფად და ორ წრედ ითამაშებს. ფინალურ ეტაპზე გავა ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი - ანუ 32-დან 20 ნაკრები. შესაბამისად, ევრო 2022-ზე მოხვედრა სულაც არაა არარეალური, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელ პროგრესს.

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეი-ოფი. 16 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე
საქართველო Vs ფინეთი
საქართველო:
 12.ზურაბ ცინცაძე, 22.შოთა თევზაძე - 5.ნიკოლოზ კალანდაძე, 7.ხაზეინ რუსტამოვი, 8.ირაკლი ჩიქოვანი, 9.გიორგი მიქავა, 10.ირაკლი კბილაშვილი, 11.გიორგი ცხოვრებაძე, 14.თეიმურაზ ორჯონიკიძე, 18.უჩა მაისურაძე, 20.ერეკლე არსენაშვილი, 23.რევაზ ჭანტურია, 24.ირაკლი გოგოლაძე, 30.ზურაბ აბრამიშვილი,  31.გიორგი დიხამინჯია, 77.ლექსო წითელიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ნიკოლა მაქსიმოვიჩი
ფინეთი: 12.პატრიკ როსლანდერი, 30.მიქაელ მაკელა -  3.მირო კოლიონენი, 6.ოსკარ კილსტედტი, 7.ფრედრიკ ფორსი, 10.ნიკო რონბერგი, 11.ბენიამინ ჰელანდერი, 13.იან-რობინ შომანი, 14.ანტონი ჰელაკოსკი, 15.რიხარდ სუნდბერგი, 17.იან მარტინი, 19.რონი სიურიალა, 20.რობინ გრანლუნდი, 21.მაქს გრანლუნდი, 23.სებასტიან საკინენი, 35.ტეემუ ტამინენი
მთავარი მწვრთნელი: ოლა ლინდგრენი
მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრაელი)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო