ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
რაგბი: ტესტი მსოფლიოს ჩემპიონთან

2020 წლის ზაფხულის ტესტებზე ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკას ეწვევიან და 18 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონ „ქურციკებთან“ ისტორიულ ტესტ-მატჩს გამართავენ!

სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ბორჯღალოსნებს მხოლოდ ერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე უთამაშიათ და ქართული რაგბისთვის ის შეხვედრა ისტორიული გამოდგა, რადგან რაგბის უდიდეს ფორუმზე პირველი ლელო სწორედ „ბოკეს“ გავუტანეთ. მატჩი ავსტრალიაში, სიდნეიში გაიმართა და მეტოქემ 46:19 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს სარაგბო ქვეყნებიდან აქამდე ტესტ-მატჩი მხოლოდ არგენტინასთან გვქონდა, სამხრეთ აფრიკას კი პირველად ვეწვევით. ბორჯღალოსნები მეორედ ხვდებიან მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს (2015 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიას შევხვდით), თუმცა მსოფლიო თასს მიღმა ეს პირველად ხდება.

სამხრეთაფრიკელებთან მოლაპარაკებები იაპონიაში, მსოფლიო თასის ნახევარფინალური მატჩების წინ წარიმართა. მასში საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მსოფლიო რაგბი, კერძოდ ქართული რაგბის დიდი ქომაგი მარკ იგანი. სიტყვიერი შეთანხმება ოქტომბერში შედგა და ახლა ის ოფიციალურად გაფორმდა.

„მოხარულები ვართ ამ შესაძლებლობით და მინდა მადლობა გადავუხადო სამხრეთ აფრიკულ მხარეს და მსოფლიო რაგბს მხარდაჭერისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობდით. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონს სამხრეთ აფრიკაში ვეთამაშებით, რაც დიდი პატივია. მოლაპარაკებები მსოფლიო თასის მსვლელობისას გვქონდა და ჯენტლმენურ შეთანხმებასაც იაპონიაში მივაღწიეთ, რაც უკვე ოფიციალურად დადასტურდა. სამხრეთაფრიკელები კეთილგანწყობილნი არიან ჩვენს მიმართ და შეთანხმებასაც მარტივად შედგა. ვფიქრობ, გულშემატკივარი საინტერესო თამაშს იხილავს, რადგან ორივე გუნდი დაახლოებით ერთი სტილის მიმდევარია. არაა გამორიცხული, რომ სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას ადგილობრივ კლუბებსაც ვეთამაშოთ, რაც ჩვენს ტურნეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაცნობებთ“, - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო