ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სეოკ: საანგარიშო სესია 20 დეკემბერს გაიმართება

29 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა.

აღმასკომის წევრებმა მოისმინეს ლერი ხაბელოვის, სეოკ-ის გენერალური მდივნის ემზარ ზენაიშვილის და სეოკ-ის სპორტული დირექტორის გიორგი ესაკიას ინფორმაცია მეორე ევროპული თამაშებზე (მინსკი, 21-30 ივნისი), ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე (ბაქო, 21-27 ივლისი) და ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე (დოჰა, 12-16 ოქტომბერი) ქართველ სპორტსმენთა შედეგების  შესახებ.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გამოსვლა წარმატებულად ჩაითვალა. დამაკმაყოფილებლად შეფასდა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალზე ასპარეზობა. რაც შეეხება ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებს, აღინიშნა სპორტის ქვიშის სახეობათა ასოციაციის (პრეზიდენტი ლაშა ლომიძე) ნაყოფიერი და მიზანმიმართული საქმიანობა, რომლის შედეგად ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან საქმიანი თანამშრომლობით, სეოკ-ის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის თანადგომითა და დახმარებით შესაძლებელი გახდა ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე განსაკუთრებით მაღალი სპორტული შედეგების ჩვენება და საერთო გუნდური მე-7 ადგილის დაკავება.

აღმასრულებელმა კომიტეტმა მოისმინა სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ელგუჯა ბერიშვილის ინფორმაცია 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (ტოკიო, 2020 წლის 24 ივლისი - 9 აგვისტო) ინფორმაცია ტოკიოსა და ლოზანაში ჩატარებული მიზნობრივი სემინარების შესახებ.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა აღმასკომის წევრებს გააცნო 2025 წელს ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის თაობაზე ბორჯომ-ბაკურიანის განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებული საკითხები.

აღმასკომის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია სეოკ-ის საანგარიშო სესიის მოწვევის შესახებ. აღმასკომის დადგენილებით, სეოკ-ის მოქმედი წესდების VIII თავის I მუხლის შესაბამისად, სეოკ-ის საანგარიშო სესია გაიმართება 20 დეკემბერს.

მეორე ევროპული თამაშები (მინსკი; 21-30 ივნისი)
მედლების რაოდენობა - 30: 6 ოქრო, 10 ვერცხლი, 14 ბრინჯაო

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (ბაქო; 21-27 ივლისი)
მედლების რაოდენობა - 13: 1 ოქრო, 5 ვერცხლი, 7 ბრინჯაო

ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშები (დოჰა; 12-16 ოქტომბერი)
მედლების რაოდენობა - 4: 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო