ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
იაპონია 2019: შალვა მამუკაშვილის ინტერვიუ

მსოფლიო თასის პარალელურად World Rugby მორაგბეების ცხოვრების გაცნობას განაგრძობს და ბორჯღალოსნებიდან ამჯერად ჯერი 28 წლის კვაჭზე, შალვა მამუკაშვილზე შეაჩერა:

შალვა მამუკაშვილის ცხოვრება, შესაძლოა, სხვაგვარად წარმართულიყო 5 წლის ასაკში, მშობლიურ თბილისში, ხელში რაგბის ბურთი რომ არ აეღო.

უნივერსიტეტის პროფესორების, მათემატიკოსების ოჯახში დაბადებულ შალვას ტრადიცია უნდა გაეგრძელებინა და მასწავლებელი გამხდარიყო, მაგრამ ამის მაგივრად გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ინგლისის პრემიერშიფში ითამაშა.

„დედა უნივერსიტეტის პროფესორია, მათემატიკასა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებელი. ჩემს ოჯახში მასწავლებლები მრავლად არიან - ბაბუა, ბებია, დეიდები და ბიძები, ყველა უნივერსიტეტში მათემატიკას ასწავლის. ჩემი უმცროსი ძმა ბანკში მუშაობს და ისიც კარგად ერკვევა მათემატიკაში“, - ამბობს საქართველოს ნაკრების მორაგბე.

მან ფიზიკა-მათემატიკის სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლა დაიწყო, თუმცა მისმა სარაგბო კარიერამ აკადემიური მეცადინეობები ნაადრევად დაასრულა. შალვამ 23 წლის ასაკში საქართველო დატოვა და 2014 წელს სეილ შარქსს შეუერთდა.

„რაგბი ერთადერთი სპორტის სახეობაა, რომელიც ოდესმე მითამაშია და ჩემი პირველი და უკანასკნელი პოზიცია - კვაჭია. მუდამ შერკინების ცენტრში ვიდექი. პრემიერშიფში თამაში უდიდესი გამოცდილება და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო“, - აცხადებს 102-კილოიანი პირველხაზელი.

ის გლაზგო უორიორსში თამაშობდა, რის შემდეგაც საფრანგეთში გადავიდა და მონპელიეს, ტულონის და კარკასონის ღირსებას იცავდა. მერე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც, მისივე თქმით, 3 წლის წინ ტასოს შეძენით, ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა: „ზოგჯერ მავიწყდება როგორი იყო ცხოვრება, სანამ მამა გავხდებოდი. რაგბშიც ყველაფერი შეიცვალა და ახლა უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ“.

მისი მეუღლე პროფესიონალი მხატვარია, აბსტრაქტული სტილის და ამან მამუკაშვილს ხელოვნების მიმართაც გაუჩინა ინტერესი: „მას შემდეგ, რაც დავქორწინდი, ხელოვნებით დავინტერესდი“, - ამბობს ის ღიმილით და განაგრძობს: „გამოფენებზე დავდივართ, ფაქტობრივად ერთიც არ გამომიტოვებია. საყვარელი მხატვარი, ან სტილი არ მაქვს, მაგრამ მომწონს ვან გოგი და სალვადორ დალი. როდესაც გლაზგოში დალის ნახატი პირველად ვნახე, დაახლოებით 30 წუთი მიჩერებული ვიყავი. ეს შესანიშნავია! ჩემს გოგონასაც უყვარს ხატვა“.

2015 წლის მსოფლიო თასზე, შალვამ დაბადების დღე ახალ ზელანდიასთან მატჩით აღნიშნა. ამჯერად მას დაბადების დღე შაბათს ექნება, ფიჯისთან მატჩამდე ერთი დღით ადრე. ის ელოდება ტორტს და მილოცვებს, მაგრამ რადგან ახლა მთელი ყურადღება რაგბისკენაა მიმართული, არ იქნება მისი საყვარელი ვისკი: „ფიჯისთან მატჩის შემდეგ შეგვიძლია ვიზეიმოთ, იმის მიხედვით, რა ანგარიში დაფიქსირდება. მე ვისკი მიყვარს. იაპონური ვისკი კარგია, მაგრამ შოტლანდიური მირჩევნია... როდესაც დრო მაქვს, მიყვარს ფრინველზე ნადირობა. კარგი მიზანი მაქვს, თუმცა ჯერ დამწყები მსროლელი ვარ“.

ახალგაზრდა მამას ახლახანს დაუსრულდა მოკლევადიანი კონტრაქტი რუსულ კლუბ, კრასნოიარსკის ენისეისთან და 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ახალ კლუბს მოძებნის: „ვისურვებდი ევროპაში თამაშს, საქართველოსგან არც ისე მოშორებულ ქვეყანაში, რათა ოჯახთან ახლოს ვიყო. რა თქმა უნდა, მეუღლე და შვილი ყველგან ჩემს გვერდით იქნებიან, სადაც არ უნდა წავიდე, თუმცა ვიმედოვნებ, რომ დიდ ოჯახთან ახლოს ვიქნები“.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე მეორე შეხვედრას კვირას, 29 სექტემბერს, ურუგვაისთან გამართავს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო