ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
იაპონია 2019: გიორგი ნემსაძის ინტერვიუ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ურუგვაის 29 სექტემბერს კუმაგაიაში დაუპირისპირდება. ურუგვაიმ დღეს მსოფლიო თასის პირველი დიდი სენსაცია შემოგვთავაზა - ფიჯის 30:27 სძლია.

ბორჯღალოსნებმა ორი დღის წინ ნაგოიაში უელსის წინააღმდეგ ითამაშეს. პირველი ტაიმით თავად მორაგბეებიც უკმაყოფილონი არიან, მაგრამ კარგად ჩატარებული მეორე ნახევარი მომდევნო თამაშებში წარმატების იმედს აძლევთ.

ვეტერანი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე ამბობს, რომ უელსთან ის შეცდომები დაუშვეს, რისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ: „უელსთან თამაშამდე მთელი კვირის განმავლობაში ნაკრების გამოცდილი მოთამაშეები ვამბობდით - არ მოხდეს ისე, რომ თამაშში თავიდანვე ვერ ჩავერთოთ. დიდ გუნდებთან რატომღაც ასე გვემართება. თითქოს თავიდან მათ თამაშს ვუყურებთ, ვაკვირდებით რას გააკეთებენ. ეს, ალბათ, გამოუცდელობის ბრალია. ადრე უფრო მიკვირდა და ახლა უკვე აღარ მიკვირს ასე რომ ხდება. როცა სისტემატურად თამაშობ ასეთ გუნდებთან, უკვე აღარ გიწევს საწყის წუთებში იმის გარკვევა, როდის რას მოიმოქმედებენ. წლებია ამას ვითხოვთ.

რატომ მოხდა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეში ჩვენც გამოგვივიდა თამაში? იქ ერთმა კარგად წაიღო ბურთი, კარგი კომბინაცია გათამაშდა და თავდაჯერებულობა დაგვიბრუნდა. ასეთი დონის მეტი თამაში გვჭირდება და სხვა დროს თავდაჯერებულობა პირველივე წუთებიდან გვექნება. უელსთან მატჩში ფიზიკურად თანაბარი ბრძოლა იყო, კარგი, სანახაობრივი ორთაბრძოლები გამოვიდა. თუმცა დასაწყისში გვქონდა რაღაცნაირი გაოცების მომენტი და მივიღეთ სამი ლელო, რომელმაც მთლიანად ჩაანაცვლა ის თამაშის ხარისხი, რაც პირველი ტაიმის მიწურულს და მეორე ტაიმში ვანახეთ. მეტოქე იმდენად დაწინაურდა, რომ სხვა ყველაფერი გაუფასურდა“.

ურუგვაი ის მეტოქეა, რომელთანაც ბორჯღალოსნები გამარჯვების მოპოვებას გეგმავენ. ნემსაძე ამბობს, რომ გუნდს დაძაბული თამაში ელის, თუმცა უელსთან დაშვებული შეცდომების გამეორების შანსი თითქმის არ არსებობს: „ამის საშიშროება ნაკლებად არსებობს. ურუგვაისთან დაძაბულობა არანაკლები იქნება - მთელი საქართველო ჩვენ გვიყურებს, გამარჯვება და ქართველი ხალხის გახარება გვინდა. უელსთან მატჩი გაკვეთილი იყო: თუ მოედანზე მაყურებელი იქნები, პირველ ტაიმში შეიძლება 28-29 ქულა მიიღო.

უკვე გავაანალიზეთ უელსთან მატჩი და ვნახეთ რა შეცდომები დავუშვით, რა გავაკეთეთ კარგი... ასეთი ბევრი რამ იყო: ორი ლელო გავუტანეთ უელსს, აქედან ერთი მოლით. სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ბოლო სამი წელიწადია უელსს მოლით ლელო არ მიუღია. ესეც ჩვენს აქტივში უნდა ჩაიწეროს. დარწმუნებული ვარ, ურუგვაისთან მაყურებლის პოზიციაში ერთი წამითაც არ ვიქნებით. ჩვენ უნდა წავიყვანოთ თამაში, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ პირობები და აუცილებლად დავამარცხოთ“.

35 წლის მორაგბე მომავალი მეტოქის ძლიერ მხარედ სწრაფ მორაგბეებს და არეულ თამაშს ასახელებს: „ურუგვაის ნაკრების მოთამაშეები ქაოსურ სიტუაციებში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. დაახლოებით არგენტინის ნაკრების სტილის გუნდია, ოღონდ შედარებით დაბალი დონის. სწრაფი მორაგბეები ყავთ და მის გამოყენებას ცდილობენ. მათი თამაშის დეტალებში ჩაღრმავება უკვე დავიწყეთ და მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით“.

ურუგვაისთან მატჩიდან რამდენიმე დღეში, 3 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ოსაკაში ფიჯის ნაკრებს შეხვდება, რომელთანაც ასევე გამარჯვებას გეგმავს. ფიჯელებმა უკვე ჩაატარეს თავისი პირველი შეხვედრა და ავსტრალიას დიდი ხნის განმავლობაში უგებდნენ, თუმცა საბოლოოდ 21:39 დამარცხდნენ.

„ფიჯის ისტორიაში საუკეთესო ნაკრები ჰყავს, თუმცა ეს ფსიქოლოგიურ წნეხად არ გვაწვება. ცხადია, ამ გუნდის წინააღმდეგობის დაძლევა ძნელი იქნება, მაგრამ შესაძლებელია. ვნახეთ მათი ავსტრალიასთან დაპირისპირება. ფიჯი უკვე ორგანიზებულ თამაშშიც კარგად გამოიყურება, მაგრამ თუ თამაში აირია, იქ კიდევ უფრო ძლიერია. ამიტომ, უნდა ვეცადოთ ბურთი დიდხანს შევინარჩუნოთ. მათთან გაშლილ თამაშში აყოლა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება“, - ასე აფასებს ფიჯის ნაკრებს ნემსაძე.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო