ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ტოკიო 2020: სეოკ-მა მემორანდუმი გააფორმა

დღეს იაპონიაში საქართველოს საელჩოში შედგა ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების ცერემონია საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, იაპონიის ფუკუოკას პრეფექტურასა და ქალაქ ომუტას მერიას შორის.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ იაპონიაში ამუშავებული სპეციალური პროგრამის ფარგლებში აქტიურად ითანამშრომლებენ ქართველ ოლიმპიელთა, მათ შორის ძიუდოისტთა საოლიმპიადოდ მზადების პროცესში. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ძიუდოს ფედერაციასთან ერთად, სწორედ ქალაქი ომუტა შეარჩია პირველ პრიორიტეტულ ადგილად ეროვნული ნაკრები გუნდის თამაშებისწინა საწვრთნელი შეკრების ორგანიზების მიზნით.

ომუტას მერმა მასაჰორო ნაკაომ აღნიშნა, რომ ფუკუოკას რეგიონი ცნობილია სპორტული ტრადიციებით და მოხარულია, რომ საშუალება ეძლევათ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების წინ უმასპინძლონ წარმატებულ ქართველ ძიუდოისტებს.

„დარწმუნებულნი იყავით, რომ თქვენს გუნდს საუკეთესო პირობებს შევთავაზებთ და ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ მათ მომავალ ოლიმპიურ გამარჯვებებში. მოუთმენლად ველით მათ ჩამოსვლას ომუტაში. ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის მეტად საინტერესო იქნება სახელოვან ქართველ სპორტსმენებთან ურთიერთობა“, - განაცხადა ომუტას მერმა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ქალაქ ომუტას მერიისა და ფუკუოკას პრეფექტურის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ასეთი მნიშვნელოვანი შეთავაზებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერი გამოდგება.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ინიციატივას და სურვილს, გვერდში დაუდგეთ ქართველ ოლიმპიელებს უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებისთვის უკეთ მომზადების მიზნით. ვიმედოვნებთ, რომ ძიუდოისტები და მათი მწვრთნელები წარმატებით გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას და ეს ყველაფერი ოლიმპიური თამაშების შედეგებზეც აისახება“, - აღნიშნა ელგუჯა ბერიშვილმა.

იაპონიელთა მიერ შემუშავებულ სპეციალური პროგრამა ითვალისწინებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქვეყნების სპორტსმენების ხელშეწყობას, ოლიმპიური გუნდების საწვრთნელი პროცესის მატერიალურ და ფინანსურ უზრუნველყოფას იაპონიაში.

სტუმრებს მიესალმა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა იაპონიაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა თეიმურაზ ლეჟავამ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდა საელჩოს პირველი მდივანი ფიქრია გეგიძე.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო